Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all 347 articles
Browse latest View live

მირქმა (მიგებება) უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

$
0
0

ახალი სტილით 15 თებერვალს მირქმის დღესასწაული აღინიშნება

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! დღეს არის მირქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

მირქმა, ანუ მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი სხვანაირად აღნიშნავს, თანამედროვე ქართულად რომ გადმოვთარგმნოთ, მირქმაგულში ჩახუტებას, ანუ გულზე მიკვრას. ვინ მიიკრეს გულში? რატომ მიიკრეს გულში? აი, ამაზე უნდა ვისაუბროთ.

ქრისტეს შობამდე სამი საუკუნით ადრე ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს ფილადელფოსმა მოისურვა, რომ წმიდა წერილი, ანუ ძველი აღთქმის წიგნები ებრაულიდან ბერძნულ ენაზე გადაეთარგმნათ. საქმეს შეუდგნენ მაშინდელი განსწავლული ადამიანები. ისინი იყვნენ სამოცდათორმეტი და განაწილებული ჰქონდათ ეს წიგნები. ერთ-ერთი იყო მათ შორის, კეთილმსახური ადამიანი – სვიმეონი, რომელსაც ესაია წინასწარმეტყველის წიგნი შეხვდა. წმიდა ესაია წინასწარმეტყველი ერთ ადგილას ასეთი რამეს სწერს: “აჰა, ესერა, მიუდგეს ქალწული და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ”(ეს. 7,14). ეს სიტყვები სვიმეონს დიდად დააეჭვებს და გაიფიქრებს: “თუ ქალწულია, როგორ უნდა შვას ძეო”. ის იყო დააპირა სიტყვა “ქალწულის” შეცვლა “დედაკაცით”, რომ უცაბედად გამოეცხადება ანგელოზი და აუწყებს მას, რომ: “სვიმეონ, გწამდეს, რაც წერია და საკუთარი თვალით იხილავ, როგორ აღსრულდება ეს სიტყვები, რამეთუ არ მოკვდები, სანამ არ იხილავ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს”.

აი, ასეთი ამბავი უძღვის მირქმის დღესასწაულს წინ. ეს ხდებოდა, როგორც გითხარით დაახლოებით სამი საუკუნით ადრე ვიდრე ქრისტეს შობამდე. ხოლო უკვე იესო ქრისტეს შობის შემდგომ, როდესაც ის ორმოცი დღის შესრულდა, სჯულისმიერი წესის მიხედვით ოჯახში შობილი პირველი შვილის, პირველი ბიჭის სახელზე უნდა მიტანილიყო შესაწირავი ტაძარში.

ღვთისმშობელმაც, მართალ იოსებთან ერთად აღასრულა სჯულის განწესება და იერუსალიმის ტაძარში მივიდა მსხვერპლის შესაწირად. სწორედ ამ დროს მოხდება საოცარი რამ; როგორც კი შევიდნენ ტაძარში, მათკენ გამოემართება ღრმად მოხუცებული, უკვე სამ ასწლეულს გადაცილებული, ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები სვიმეონი. ის სვიმეონი, რომელსაც ანგელოზმა აუწყა, რომ სანამ არ იხილავ ქალწულისაგან შობილ კაცობრიობის მხსნელს, მანამდე იცოცხლებო. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ სვიმეონის სულიერი მდგომარეობა. ის ხომ სამ საუკუნეზე მეტი ხნისაა. რაოდენ დაუძლურებული, მოხუცებული, გატანჯული და გათანგული იქნებოდა იგი ამ ცხოვრებისგან?! რამდენ თაობას გამოივლიდა?! რამდენ ტკივილსა და მწუხარებას გადაიტანდა?!

მოხუცი და მრავალტანჯული სვიმეონი ანგელოზისგან ნაუწყები ყრმის მოვლინების მოლოდინით ცხოვრობს; მუდმივად ტაძრის წიაღში მყოფობს და გაფაციცებით იყურება ტაძრის კარიბჭისკენ. ერთხელაც, სწორედ დღევანდელ დღეს, ტაძარში შემოდის ღვთისმშობელი ყრმა იესოთი ხელში; დაინახავს მას მოხუცი სვიმეონი და სულიწმიდის შთაგონებით მაშინვე ამოიცნობს მასში სამყაროს შემოქმედს და იმ ყრმას, რომლის მოვლინებაზეც იყო დამოკიდებული მისი ამ ქვეყნიდან გასვლა. სვიმეონი დიდი სიხარულით შეეგებება მაცხოვარს, გულში ჩაიკრავს მას და აღტაცებისგან შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით”(ლკ. 2,29). აი, დადგა ჟამი ჩემი განსვენებისაო: „რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი”(ლკ.2,30). ვინც უნდა მეხილა, ვისი სასწაულებრივად ქალწულისაგან შობა ვერ ვირწმუნე, აწ უკვე მოსული და განხორციელებულია. ეს, ერთი მხრივ, იყო სასჯელი ურწმუნოების გამო და მეორე მხრივ, უდიდესი პატივი, რამეთუ მაცხოვარს უნდა შეხვედროდა და უნდა განედიდებინა იგი: „რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა”(ლკ. 2,30-32). ანუ ის ნათელი მარტო სვიმეონისთვის ხომ არ მოევლინა?! არამედ ყოველთა წარმართთა ზედა და ყოველსა ზედა ისრაელსა. განუზომელია მართალი სვიმეონის სიხარული. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ წარმოთქვამდა იგი ამ სულისშემძვრელ სიტყვებს, რომლითაც საკუთარი აღსასრულსაც მოასწავებს და მაცხოვრის შობასაც. შემდგომ სულიწმინდით მეტყველი სვიმეონი ღვთისმშობელს მიმართავს: „თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, რათა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი”(ლკ. 2,35). ამით ღვთისმშობელს ეუწყა ის უსაზღვრო მწუხარება, რისი მომსწრეც შეიქმნებოდა იგი საკუთარი მხოლოდშობილი ძის ჯვარცმისა და ტანჯვა-წამების სახით.

ამის შემდგომ მართალი სვიმეონის შესახებ აღარაფერს წერს წმიდა წერილი, თუმცა როგორც თავად მისმა ბაგეებმა წარმოთქვეს და საეკლესიო გადმოცემა გვასწავლის, მან მალევე მიაბარა სული უფალს.

აი, ასეთ სასწაულთან არის დაკავშირებული მირქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ანუ გულში ჩახუტება მისი მხცოვანი იოსებისაგან. თუმცა წმიდა წერილი ყრმა იესოს ტაძარში მიბრძანების ამბავს ამით როდი ასრულებს. სვიმეონის გარდა, იესოს ტაძარში ელოდებოდა ერთი მოხუცი ქალბატონი, ანნა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ამ ქალბატონს თურმე შვიდი წელი უცხოვრია მეუღლესთან ერთად, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ არ განშორებია ტაძარს და თავის ცხოვრებას მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. ის უკვე ოთხმოცდაოთხ წელს იყო მიღწეული. წმიდა ანნა სვიმეონის მსგავსად მაცხოვრის მოსვლას ელოდებოდა. სწორედ ესოდენ სიწმინდის გამო ისიც ღირსი შეიქმნა მაცხოვრის ხილვისა და მკლავთა ზედა მირქმისა.შემდგომ ამისა, წმიდა ანნა ქადაგებდა და ახარებდა მაცხოვრის განხორცილებას „ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოხსნასა იერუსალიმს შინა”(ლკ. 2,38). ამრიგად, ამ სასწაულთან არის დაკავშირებული დღევანდელი დღე. იმ უდიდეს სიხარულთან, რომელიც მიიღო მართალმა სვიმეონმა სამსაუკუნენახევარი ლოდინის შემდგომ და წმიდა ანნა წინასწარმეტყველმა საოცარი წმიდა ცხოვრების შედეგად. მათი მოლოდინის აღსრულებით კი ჩვენ მოგვესწავა ორი რამ: ერთი ის, რომ ღვთისმშობელი მარადის ქალწულია და მეორე ის, რომ კაცობრიობას მოევლინა მაცხოვარი.

ღმერთმა ქნას, რომ ჩვენც ასეთივე მოლოდინი გვქონოდეს ღმერთისა, რადგან ყოველი ჩვენი ტაძარში მოსვლა, ეს არის ასევე ქრისტესთან შეხვედრა. სიხარულით უნდა მივეგებებოდეთ ხოლმე ყოველ დილას, რადგან ყოველი დღე ხომ უფალთან შეხვედრის ახალი მოლოდინია. აი, ამ სიხარულით უნდა წარმოვთქვამდეთ ხოლმე ლოცვას, რამეთუ სწორედ ამ შემთხვევაში ხდება ჩვენი გულის კარის გაღება მაცხოვრისადმი და მაშინ უკვე ჩვენ კი არ ჩავიკრავთ მას, არამედ ის მიგვიღებს, ჩაგვიკრავს და მოგვმადლებს თავის უსაზღვრო მადლს.

ღმერთმა მრავალს დაგასწროთ, გაგაძლიეროთ და მაცხოვრისადმი ყოველდღიური მოლოდინით გვამყოფოს, ხოლო მასთან მოლოდინის სიხარული არასდროს გამქრალიყოს ჩვენ გულებში!

ჩვენთან არს ღმერთი!”

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი,
იღუმენი დიონისე გვიმრაძე


ლაზარეს შაბათი

$
0
0

“ლაზარე” ებრაული სახელია და ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.

ლაზარეს შაბათი ბზობის წინა შაბათს აღინიშნება.

დღესასწაულის შესახებ “ამბიონს” თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, მღვდელი იაკობ ჩიჩილიძე ესაუბრა.

“ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას. ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-12 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა.

უფალს მართალი ლაზარეს აღდგინებით სურდა, მკვდრეთით აღდგომის სასწაული ეჩვენებინა, თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები.

როდესაც ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულთმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვარი ინებებდა ლაზარეს განკურნებას.

ეს რომ უფალმა გაიგო, თქვა, სნეულება სასიკვდილო არ იყო. იესოს უყვარდა ლაზარე და მისი დები. თუმცა უფალი მათ არ გაჰყვა, რადგან სასწაული ჰქონდა ჩაფიქრებული. 2 დღე დარჩა იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდა. ეს უფლის დიდი სიყვარულით გახლდათ გამოწვეული.
უფლის სიყვარული ყველას მიმართ უსაზღვროა. ქრისტეს მიერ ადამიანებისადმი სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება ჯვარზე გაკვრაა. მაცხოვრის ჯვარცმა, ერთის მხრივ, უდიდესი წყალობა იყო ღვთისა, მეორეს მხრივ – უდიდესი განსაცდელი მისი მოწაფეებისათვის. ვერც ერთი ჩვენი პიროვნული განსაცდელი ამას ვერ შეედრება, რაც შემდგომ უბრწყინვალესი აღდგომის სიხარულით შეიცვალა მოციქულთათვის და ყოველთა მართლმორწმუნეთათვის.

უფალი ჯვარს ურწმუნოებისა და შურის გამო აცვეს. იუდეველებს ჩაფიქრებული ჰქონდათ იესოს მოკვლა.

– იუდეაში წავიდეთ, – უთხრა უფალმა მოწაფეებს. მოწაფეებმა უპასუხეს: იუდეველები შენს ჩაქოლვას აპირებენ და შენ ისევ იქ მიდიხარო? რაზეც უფალმა მიუგო: მე როცა თქვენთან ერთად ვარ, ნურაფრის ნუ გეშინიათო.

უფალი ღვთაებრივი ნათელია. ჩვენც, მორწმუნენი, ნათლობის საიდუმლოს მიმღებელნი და მისდამი რწმენით მცხოვრებნი უფალთან ვართ. ღმერთთან ყოფნას მაშინ ვგრძნობთ, როცა ჩვენ მასთან ვართ და ის ჩვენშია.

როდესაც უფალთან კაცი გამოაგზავნეს, ლაზარე ავად იყო. ცნობილია, რომ ლაზარე გარდაიცვალა. უფალმა ეს იცოდა. იესო სიკვდილს დაძინებას ეძახის არა იმიტომ, რომ მას ძინავს, არამედ იმისთვის, რომ ადამიანის სიკვდილი მისთვის მიძინებაა, მის წინაშე ყველა ცოცხალია. ჩვენთვის მძინარე ადამიანის გაღვიძება იოლია, უფლისთვის კი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს გარდაცვლილის აღდგინება.
როდესაც იესო ბეთანიაში მივიდა, ლაზარე 4 დღის დამარხული გახლდათ. მართალი ლაზარე კლდეში ესვენა, სადაც გამოქვაბული იყო და ლოდი ჰქონდა მიფარებული.

ლაზარეს ოჯახი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. იქ მრავალი იუდეველი იყო ნუგეშის საცემად მისული. გლოვა 7 დღე გაგრძელდა. უფალი მხოლოდ 4 დღის შემდეგ ჩავიდა. ბეთანიაში მართა იესოს შეეგება. მარიამი კი სახლში იმყოფებოდა. მართამ უთხრა მაცხოვარს: შენ რომ აქ ყოფილიყავი, ლაზარე არ მოკვდებოდაო. მართამ იცოდა, უფალს ძალუძდა მისი ძმის მკვდრეთით აღდგენა. მას სურდა, რომ იესოს მისი ძმა აღედგინა. მაგრამ ამის შესახებ პირდაპირ ვერაფერი თქვა და ასე მიმართა იესოს: მე მჯერა, რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს იგი. უფალმა კი უპასუხა, რომ თავად ის იყო ყოველთათვის სიცოხლე: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე”.

უფალი სიცოცხლის მიმცემი და სიცოცხლის წყაროა. რა არის სიცოცხლე?

სიცოცხლე არის ღმერთთან ყოფნა. სიცოცხლე არის თვით უფალი,
ღმერთთან განშორება – სიკვდილი. ადამიანის გარდაცვალება სულის სხეულისაგან გაყრაა, ღმერთთან დაშორება სულისთვის სიკვდილია. თუ სული განეშორება სხეულს, ე.ი. ადამიანი გარდაიცვალა. თუ სული განეშორება ღმერთს ცოდვილობის გამო ე.ი. სული მოკვდა.

სულის სიკვდილი შესაძლებელია ფიზიკური ყოფნის დროსაც. მაგალითად: მოუნათლავი ადამიანი სულიერად მკვდარია, რადგან ის იესო ქრისტეში არ შობილა. მონათლული კი, რომელიც შეგნებულად უსჯულოებაში ცხოვრობს და შეუნანებელი ცოდვილია, ის სულიერად მკვდარია. მისი საქმეები მის სიკვდილს მოწმობენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაცოცხლება, მოქცევა და მობრუნება არ შეუძლია, სანამ ადამიანი ცოცხლობს, ყოველთვის ღიაა მისთვის ნათლისღებისა და სინანულის საიდუმლოს კარი.

მართამ უპასუხა: მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა და მაცხოვარი სოფლისა. უფლის დარიგებით მართა რწმენაში განმტკიცდა და მის სულში სიმშვიდემ დაისადგურა. მას უნდოდა, მარიამსაც მიეღო ეს ნუგეშისცემა და თუმცა უფალს ის არ უხმია, მართამ მარიამს უთხრა, რომ მოძღვარი მასაც უხმობდა.

მარიამმა შეიტყო რა უფლის მოსვლა, უმალ გაემართ მისკენ, იესოც მას ელოდა, რათა სასაფლაოსკენ წასულიყვნენ. იუდეველები მარიამს გაჰყვნენ, რადგან ეგონათ, რომ იგი საფლავზე მიდიოდა. მარიამი კი მივიდა იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი ელოდა.

იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი და მასთან ერთად მისული იუდეველები. უფალიც აცრემლდა.

მივიდა 4 დღის დაფლულ ლაზარეს საფლავთან, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული, მსახურებს გადააგორებინა და მიმართა გარდაცვლილს: ლაზარე, გამოდი!

მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარაში შეხვეული – ხელფეხშეკრული. აღესრულა ორი სასწაული: მკვდრის აღდგომა და ხელფეხშეკრულის უფლის სიტყვისამებრ საფლავიდან გამოსვლა. მაშინ
მაცხოვარმა უბრძანა მსახურებს, გაეთავისუფლებინათ სუდარისაგან ლაზარე.

აღსდგა ლაზარე ისეთივე სხეულით, როგორიც ჰქონდა.
ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. უფლის ნებით იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა და იქვე მშვიდობით მიიცვალა.

ეპისკოპოს ლაზარეს წმიდა ნაწილები კიტეაში იქნა დასვენებული. ბიზანტიის იმპერატორის – ლეონ ბრძენის ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.

ლაზარეს 2 საფლავი არსებობს: ბეთანიასა და კვიპროსზე.
საქართველოში მართმადიდებლური ეკლესია ლაზარეს შაბათს განსაკუთრებულად ზეიმობს.

საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი და ბზობის დღესასწაული თევზით ხსნილია.

თეა სულაბერიძე

ბზობა-ბაიაობა საქართველოში

$
0
0

ბზობა იგივე ბაიაობა ათთორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულს განეკუთვნება. ბზობა მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის აღსანიშნავად იდღესასწაულება, ბზა როდესაც იესო ქრისტეს იერუსალიმში ხალხი პალმების რტოებით, ფეხქვეშ გაგებული სამოსითა და მადიდებელი შეძახილებით – ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა – შეეგება. იმ კუთხეებში თუ ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც პალმა არ ხარობს, ადგილობრივ დადგენილი ტრადიციის მიხედვით სადღესასწაულოდ ის მცენარე იხმარება, რომელიც გაზაფხულზე ამ დროს იქ ხარობს.

ბზობა-ბაიობა, როგორც ეს საეკლესიო კალენდრის მიხედვითაა დადგენილი, აღდგომის წინა კვირას მთელ საქართველოში იდღესასწაულება.

დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციების შესახებ გვესაუბრება ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი):

სვანეთის ყველა სოფელში ბზობის საღამოს გოგონები უკაცრიელ სახლში იკრიბებოდნენ და მღეროდნენ ე.წ. ლიგლოვი – კრირიელოს (კირიე ელეისონს): “ქრისტე! მიუტევე ცოდვები ჩემ გარდაცვლილს (დაასახელებდნენ) და დღეგრძელი და ყველა საქმეში წარმატებული ამყოფე ჩემი ნათესავი (დაასახელებდნენ) და ოჯახის წევრი (დაასახელებდნენ)”. თითოეული გოგონა ჩამოყვებოდა და მოიხსენიებდა თავის მიცვალებულებს და ცოცხლებს, დანარჩენები კი მასთან ერთად იმეორებდნენ. გარეშეს, ვისაც ლიგლოვაშში მისიანების მოხსენიება ენდომებოდა, როგორც ცოცხლების ასევე მიცვალებულების, მომღერლებისთვის კაკალი ან მარილის ნატეხი უნდა მიეცა, თითქოსდა იმის გამო, რომ მაცხოვარს მათი ლოცვები შეესმინა. გოგონები ვნების კვირაში, ოთხშაბათ-პარასკევის გარდა, ამ წესს სიმღერის გარეშე ასრულებდნენ. ხალხის რწმენით ამ დღეეებში არ ვარგოდა სიმღერა.

სვანეთში ბზობის საღამოდან მთელი მომდევნო კვირის ანუ ვნების კვირის განმავლობაში ლიროკინალი ანუ ბოროტი ძალის განდევნა იწყებოდა. ბზობა საღამოს ყველა ოჯახის უფროსს ტყიდან ეკალი მოჰქონდა, რომლის ტოტებს კარის ქვეშ, ყველა ფანჯარასა და ნახვრეტში დებდა, რათა სახლში ბოროტი ძალა არ შესულიყო. ლიროკინალის წესი ამგვარად სრულდებოდა: ოჯახის უფროსი ხელში იღებდა პატარა ნაჯახს, დანარჩენი ბავშვები და მამაკაცები მუგუზალს და გამორბოდნენ გარეთ, თან იძახდნენ: “ფუი! უწმინდურო ძალაო, დაგეწვათ ფრთები! შეგიცნობთ და გამოგარჩევთ ისევე, როგორც შავ ცხვრებს თეთრებისაგან. თქვენ შესახებ ხსოვნა თორმეტი მთის იქით. წმინდა გიორგის ბეჭდით ხართ დაბეჭდილები; ლითონის იარაღით ხართ დაჭდევებულები. აიღეთ კბილებით ქვის ფილა, ჩვენთან კი ჯვრისა ძალაა! ქვიშისა და ქვის ფილის გარდა სხვა არავითარი საჭმელი არ გქონდეთ!” ამის შემდეგ ოჯახის უფროსი ნაჯახის ყუას ურტყამდა ქვას და ამბობდა: “დაე აქციეთ ქვად თქვენი მომავალი!” დანარჩენებიც იმავეს იმეორებდნენ და აკეთებდნენ. ბოროტი ძალების განდევნის ამ წესს ყველა ოჯახი ვნების ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს ასრულებდა.

რაჭა-ლეჩხუმში ეს დღე უქმე იყო. მიდიოდნენ ეკლესიაში და იქიდან მოჰქონდათ ბზა. სახლში მოტანილ ბზას თავზე შემოივლებდნენ და ნაკვერჩხლებზე დადებდნენ. თუ აბრიალდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბზის პატრონი დიდხანს იცოცხლებდა, თუ მალე ჩაქრებოდა – ცოტა ხანს (ლეჩხუმი). რაჭაში ცეცხლში ჩაგდებული ბზა თუ ცეცხლის ალში ორჯერ ან სამჯერ წაღმა დატრიალდებოდა, ეს კარგი წელიწადის მომასწავებელი იყო, თუ უკუღმა _ ცუდის.

სამეგრელოში ბზობა-ბაიობას ბაიას ყვავილს, რომელიც ფერის გამო ხალხისთვის მზესთან იყო ასოცირებული, სახლში, იატაკზე წრიულად დააფენდნენ და ზედ კვერცხებს გადააგორებდნენ. ამ კვერცხებს სააღდგომოდ აუცილებლად შეღებავდნენ. ბზობას ამზადებდნენ ფხალეულს, რომელშიც ბაიას ყვავილს აუცილებლად გაურევდნენ. სწამდათ, რომ ფხალეულის შეჭმის შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ენერგიით სავსენი იქნებოდნენ. ბზობისთვის ასევე უნდა ეჭამათ თევზი. ეკლესიაში კურთხევის შემდეგ ბზა სახლში მოჰქონდათ. მას მიცვალებულსაც უდებდნენ საფლავზე და ერთმანეთსაც ჩუქნიდნენ. ზოგან მამაკაცები იკრიბებოდენ და ბზებით ეკლესიას სიმღერით გარს უვლიდნენ. ისინი ბზას ეკლესიაში მისულ ხალხს ჩუქნიდნენ.

მესხეთში ბზობას ქალებს მინდვრიდან თოვლი მოჰქონდათ და გზაში ჭამდნენ, შინ კი ოჯახის წევრებს და საქონელს გადააყრიდნენ, თან ამბობდნენ: “ბზო, ბზო, ბუზებო, აქაურობას მოშორდით”. ხალხს სწამდა, რომ ამ წესის შესრულების შემდეგ ბუზები მათ აღარ შეაწუხებდნენ.

ქართლში მღვდელი ტყიდან მოტანილ ბზას აკურთხებდა და ხალხს დაურიგებდა. ხალხი ამ დღეს თევზს ჭამდა. მიცვალებულებისთვის ზურგიელს აკეთებდნენ. ვისაც ახალი მიცვალებული ჰყავდა, დიდ ორაგულს მოხარშავდა და ეკლესიაში წაიღებდა. თუ ბზას ბევრი მარცვალი ჰქონდა, “დაპურებული” იყო და ხალხის რწმენით პურის თავთავი კარგად დაისხამდა. იცოდნენ სანთლის დანთება. ქართლში წირვა-ლოცვაზე სიარულს ბზობიდან იწყებდნენ (ე.ი. დადიოდნენ ყოველდღე), ოთხშაბათიდან კი “დაიუქმებდნენ”. ქართლში ვნების ოთხშაბათს ბზობის ოთხშაბათსაც ეძახდნენ.

კახეთში ბზობას ხალხი ეკლესიაში მიდიოდა. ბზა ზეთისცხების შემდეგ მოჰქონდათ სახლში. აქაც თვლიდნენ, რომ თუ ბზას ბევრი მარცვალი ჰქონდა, პურის უხვი მოსავალი ექნებოდათ, თუ არა და პირიქით. ბზობას კახეთში მიცვალებულებისთვის წანდილს ხარშავდნენ, აკეთებდნენ ზურგიელს. კახეთში სწამდათ, რომ თუ ზურგიელს არ შეჭამდნენ, მათი მიცვალებულები საიქიოში წყალს ვერ დალევდნენ. მათ წყალთან არ მიუშვებდნენ. ეკლესიიდან ბზა რომ მოჰქონდათ, ერთმანეთს დაარტყამდნენ, თან გაულექსდავდნენ:

“აჰა, ყვაო ბზა,
ეგერიოს გზა,
მიტრიალდი, მოტრიალდი,
გაოხრდი და გატრიალდი.”

ხალხი ცდილობდა მთელი დღის განმავლობაში ყვავი არ დაენახა: ყვავი წიწილას აღარ შეჭამსო. ხალხში ასეთი გამოთქმა არსებობს: “ბზობის ყვავივით გაქრაო”, რაც ვისმეს ერთბაშად გაუჩინარებას ნიშნავს. მთელი ზამთრის განმავლობაში ყვავი სარჩოს საძებნელად სოფელს დასტრიალებს. ხალხის დაკვირვებით გაზაფხულზე, რომლის დადგომასაც იგი ბზობას უკავშირებდა, ყვავები სოფლის მახლობელ ტყეებში მიფრინავენ, სადაც საკვებს უხვად პოულობენ, ბზობის შემდეგ კი სოფელში იშვიათად ჩანან.

კახეთში ბზობას საქმის კეთება იცოდნენ, – ყველაფერი ბარაქიანი იქნებაო. უფრო თესავდნენ: სიმინდს, ლობიოს, კიტრს – ბზასავით დაისხამსო. კახელებმა კარგად იცოდნენ, რომ ხარება და ბზობა შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს, შესაძლოა, ხარება წინ უსწრებდეს ბზობას, ან პირიქით. იმ შემთხვევაში, თუ ხარებობა ბზობას მოსდევს, ხალხის თქმით თევზით არ ხსნილდება, რაც საეკლესიო ტიპიკონს სრულად შეესაბამება.

გუდამაყარში ბზას ბავშვებს თავში უკეთებდნენ, ყვავები დაიმალებიანო. ზოგი ბზას კვერცხებზე ცვლიდა.

ბზობას ხევში ბზობა-კაზარობას ეძახდნენ. მოხევეები ამ დღეს უქმობდნენ, ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ, ეზიარებოდნენ და მღვდელი მათ ბზით ნაკურთხ წყალს ასხამდა. ხევში ბზის მაგივრობას ტირიფი ასრულებდ.

მთელ ფშავ-ხევსურეთში მხოლოდ სოფელ მაღაროსკარში არის ბზა. ამ სოფელში იყო პატარა კოშკი – წმ. გიორგის სალოცავი. გადმოცემის მიხედვით, რადგანაც ქრისტიანულ ეკლესიას ბზა სჭირდებოდა და ფშავ-ხევსურეთში იგი არ იყო, ქრისტიანობის განსამტკიცებლად თამარ მეფეს წმ. გიორგის ნიშთან ეს მცენარე გაუშენებია. ამ ადგილს ბზიანას ეძახიან. აქვე ქრისტიანული ეკლესიაც მდგარა. თავდაპირველად მცირე ტერიტორიაზე დარგული ბზა დროთა განმავლობაში დიდ ფართობს მოსდებია. ხატი ბზიანაში პირუტყვის შეყვანას კრძალავდა. ვისი პირუტყვიც ბზიანაში შევიდოდა, ხატი მას დაამიზეზებდა, ანუ ავად გახდიდა, ან საქონელს უზარალებდა, ან სხვა რაიმეს შეამთხვევდა. დაზარალებული მივიდოდა მკითხავთან, რომელიც ერთი საკლავისა და სანთელ-საწირის მიტანას დაავალებდა. ფშავში ბზობა მათურის მთავარანგელოზის ხატში იცოდნენ. მიცვალებულის პატრონს ეკლესიაში თევზი მიჰქონდა და იქ მყოფებს უმასპინძლდებოდა. ხატში არც საჭმელის მიტანა იცოდნენ და არც სასმელის. ხევისბერი მლოცველის მიერ მიტანილ სანთელს ჩამოქნიდა, დაანთებდა, ილოცებდა ხატის ყმებისთვის, რის შემდეგაც მლოცველი შინ ბრუნდებოდა.”

ხარება

$
0
0

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა – თავად
დღესასწაულის დასახელებაც მიგვანიშნებს, რომ საქმე რაღაც სასიხარულო ცნობას შეეხება. ხარება ეს სასიხარულო ცნობა კი საბოლოოდ იმის საფუძველი შეიქმნა, რომ თავად წიგნი, რომელშიც გადმოცემულ იქნა ღვთისმშობლის ხარება, სახარებად იქნა სახელდებული.

ხარებით ისეთი ცნობა გვეუწყა, რომელმაც არამარტო იმ წუთებში გაახარა ადამიანები, არამედ დღესაც უნდა ხარობდეს მისით ყოველი ადამიანი; ღვთისმშობელს მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთაებრივი ძის ჩასახვის შესახებ ეუწყა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ იყო პირველი ცნობა სიხარულისა, რადგან მანამდე იყო კიდევ ერთი ხარება, რომელიც უკვე იოანე ნათლისმცემლის შობასთან იყო დაკავშირებული. ასე რომ, სახარება მთლიანად განსჭვალულია სასიხარულო ცნობებით და შესაბამისად ჩვენც უნდა გავიაზროთ, გავითავისოთ და განვიცადოთ საღვთო უწყების მთელი სიღრმე და სიდიადე.

დღეს ჩვენ უნდა ვხარობდეთ, რადგან აღსრულდა კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი მოლოდინი. მესია – მხსნელი, რომელსაც კაცობრიობა უნდა გამოეხსნა ცოდვის, ეშმაკისა და სიკვდილის ტყვეობისაგან, უკვე განხორციელდა. ანუ ადამის დაცემის გამო ტყვეობაში მყოფი ადამიანი უნდა განთავისუფლებულიყო, რამეთუ სხვაგვარად ვერ ახერხებდა თავისი ბუნების გარდაქმნასა და სრულყოფას. და სწორედაც, დღევანდელი დღე, ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, წარმოადგენს კაცობრიობის გამოხსნის საფუძველს.

თუმცა სანამ ხარების ჟამი მოვიდოდა, მანამდე კაცობრიობა უნდა მომზადებულიყო მაცხოვრის მისაღებად. ვინაიდან, თუ ქრისტე მოევლინებოდა, ხოლო მისი მოლოდინი არ იქნებოდა ხალხში, მაშინ არც მიიღებდნენ მას. შესაბამისად, ღმერთმა ისეთი დრო განაგო თავისი ძის მოვლინებისთვის, როდესაც უკვე კაცობრიობა გარკვეულწილად მომზადებული გახლდათ და მისი მოლოდინიც გააჩნდათ. თუ გადავხედავთ კაცობრიობის ისტორიას, აღმოვაჩენთ, რომ მარტოოდენ ებრაელები როდი ელოდნენ მესიას; უკვე მაშინდელი ფილოსოფოსებიც მსჯელობდნენ და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ კაცობრივი ბუნება არასრულყოფილი და დასნეულებულია. ადამიანი თვითონ ვერ გამოიხსნის თავს, რადგან ეს მხოლოდდამხოლოდ ღვთაებრივი ძალით იქნება შესაძლებელიო.

ღმერთი თავის მადლით არ სახლდება იქ, სადაც არ არის სიწმინდე. ისიც ვიცით, რომ ღვთის მადლი არ შემოვა ჩვენს გულში, სანამ არ იქნება გაწმენდილი ყოველგვარი მზაკვარებისა და ბოროტებისაგან. მით უმეტეს, ღვთაებრივი ძე ვერ ჩასახლდებოდა ვერცერთი დედაკაცის მუცელში, თუკი ის დედაკაცი არ იქნებოდა წმიდა. ასე რომ, თუ არ გამოჩნდებოდა ყოვლადწმიდა ქალწული, ვერ მოევლინებოდა იესო ქრისტე. შესაბამისად, ღვთისმშობლის დაბადება, მისი უბიწო და წმიდა ცხოვრება გახდა საფუძველი ღვთაებრივი ძის მოვლინებისა. აი, რაოდენ დიდი პიროვნებაა ღვთისმშობელი ჩვენთვის და რატომ არის აღყვანილი იგი ანგელოზებზე უპირატეს ხარისხში. არც მანამდე და არც მის შემდგომ არ უცხოვრია ამგვარი სიწმინდით აღსავსე ქალწულს. სწორედ ის გახდა მაცხოვრის მოვლინების საფუძველი.

დაინახა რა ღმერთმა ღვთისმშობლის საოცარი უბიწოება და სიწმინდე, მასთან მაცნედ მთავარანგელოზი გაბრიელი გააგზავნა, რომელმაც ქალწულ მარიამს საოცარი სიტყვები გამოუცხადა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. აჰა, ესერა, შენ მუცლადიღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ”(ლკ. 1,28-31).

„გიხაროდენ მიმადლებულო”, მართალია ეს სიტყვები უშუალოდ ქალწულ მარიამისადმი არის მიმართული, თუმცა მასში იმ ღვთაებრივი ძის დაბადების უწყებაა მოცემული, ვისი უაღრესად დიდი მოლოდინით ცხოვრობდა ისრაელი ერი და ვის მიერაც შემდგომში გამოხსნილ იქნა მთელი კაცობრიობა. ასე რომ, დღევანდელ დღეს ჩვენც უნდა გვიხაროდეს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სასიხარულო ცნობა მაცხოვრის განხორციელების შესახებ. გაუკვირდება ღვთისმშობელს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?”(ლკ. 1,34) მთავარანგელოზი პასუხობს მას: „სული წმიდა მოვიდეს შენზედა, და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ”(ლკ. 1,35). ანუ შენში ეს სასწაულებრივი მოვლენა განხორციელდება სულიწმიდის მადლით; შენი ქალწულება არ დაირღვევა არც შობამდე და არც შობის შემდგომ; შენ მარადის იქნები ქალწული, რადგან შენ ხარ წმიდა და შენ უნდა დაიცვა ეს სიწმინდე ბოლომდე. შემდეგ მთავარანგელოზი ეუბნება: „აჰა, ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თვისსა, და ესე მეექვსე თვე არს მისი, რომელსა იგი ერქვა ბერწ; რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაი”(ლკ. 1,36-37). აღნიშნული სიტყვებით გაბრიელ მთავარანგელოზი წმიდა ქალწულს კიდევ ერთი სასწაულის მოვლენის შესახებ აუწყებს; მისი ბერწი ნათესავის ელისაბედის ექვსი თვის ფეხმძიმობას მოახსენებს, რითაც ღვთის ყოვლისშემძლეობის შესახებ მიანიშნებს და შემდეგ ამ აზრს სიტყვებითაც გადმოსცემს: „რამეთუ არა შეუძლებელ არს წი- ნაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაი”.

საბოლოოდ ღვთისმშობელი ორჭოფობისა და დაეჭვების გარეშე საოცარი სიტყვით მიმართავს მთავარანგელოზს:
„აჰა, მხევალი უფლისა; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!”(ლკ.1,38) ქალწულ მარიამის მხრიდან ამგვარი სიტყვების წარმოთქმა ნათლად მიანიშნებს მის უდიდეს რწმენაზე. მთავარანგელოზისგან თავდაპირველი გამოცხადებისას წმიდა მარიამი გაკვირვებას გამოხატავს, რადგან მას ქალწულობის აღთქმის პირობებში უმამაკაცოდ შობა, ბუნებრივია, გაუგებრად მიაჩნია. თუმცა უფლის მაცნესგან დამატებითი განმარტების შემდეგ, მან მყისიერად გამოხატა უფლის ნების აღსრულების მზაობა.

როგორც ვხედავთ, წმიდა ქალწული არა მხოლოდ უბიწო ცხოვრებით იყო გამორჩეული, არამედ უფლისადმი გასაოცარი მინდობითა და რწმენით. მისი მტკიცე რწმენა კიდევ უფრო თვალნათლივ წარმოჩინდება, თუკი ქრისტეს წინამორბედის შობასთან დაკავშირებულ მოვლენას გავიხსენებთ.

წმიდა მღვდელმთავარი ზაქარია, ქალწულ მარიამივით, მთავარანგელოზისგან მიიღებს ზეციურ უწყებას მისი ბერწი მეუღლის – ელისაბედისგან, იოანე ნათლისმცემლის სასწაულებრივი შობის შესახებ, თუმცა ზაქარია დაეჭვდება. ეს დაეჭვება და ურწმუნოება კი მას ძვირად დაუჯდება, რადგან იოანეს შობამდე უფლის განგებულებით, მეტყველების უნარი ჩამოერთმევა. ღვთისმშობელი კი თავდაპირველი ბუნებრივი დაეჭვების გამო არ გაკიცხულა მთავარანგელოზისგან, რამეთუ ბერწისგან სასწაულებრივი შობის შემთხვევა სხვაგანაც გვხვდება წმიდა წერილში აბრაამის მეუღლის სარას მაგალითით, ხოლო ქალწულისგან შობა პირველი და განუმეორებელი შემთხვევაა. ამდენად, ქალწულის უფლისადმი რწმენა ფრიად მტკიცე და შეურყეველია.

ამდენად, იმისათვის, რომ უფალი განხორციელდეს სხვა მრავალ პირობასთან ერთად წმიდა და რწმენით აღსავსე ქალწულის არსებობაც აუცილებელია. ეს კი იმიტომ, რომ, როგორც აღინიშნა, უფალი მხოლოდ იქ მკვიდრობს, სადაც სიწმინდეა, ხოლო მეორე მიზეზი მართლაც ფრიად დამაფიქრებელია; უფალი იქ არ მკვიდრობს, სადაც ადამიანის ნებართვა არ აქვს, ამიტომ სანამ ქალწულისგან არ მიიღო ნებართვა: „აჰა, მხევალი უფლისა; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!”(ლკ. 1,38) მანამდე არ მომხდარა უფლის განკაცება და განხორციელება. ვინაიდან წარმოუდგენელია, ღმერთი იძულებით დამკვიდრდეს ადამიანში. ღვთისმშობლის თანხმობისთანავე აღსრულდა ყველაზე დიდი სასწაული – ღმერთი განკაცდა.

შესაბამისად, დღევანდელი დღესასწაული ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა თავის თავში, გარდა ღვთისგან გასაოცარი უწყებისა, ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის სიღრმეებსაც ნათლად გვიჩვენებს; იმით, თუ როგორ იღებს ყოვლის შემოქმედი ღმერთი საკუთარი ქმნილებისგან ნებართვას, რათა მასში დამკვიდრდეს.

ამიტომ ქრისტიანობა სიყვარულის და სიხარულის სარწმუნოებაა. ხოლო ხარება მოსიყვარულე ღმერთის მხრიდან ადამიანთან შეერთების სურვილის გამოხატულება და უწყებაა. ღვთისმშობლის უბიწოებამ, რწმენამ და თანხმობამ კი დასაბამი დაუდო კაცობრიობის გამოხსნის საქმეს. ხარებას ბუნებრივად მოჰყვა დედის მუცელში ცხრათვიანი ყოფნა, ქალწულობის დაურღვეველი სასწაულებრივი შობა, 30 წელი უბრალო და ჩვეულებრივი ცხოვრება და შემდეგ სამწელიწადნახევრიანი ქადაგება, რომლის დროსაც მან ყოველგვარი დამცირება, შეურაცხყოფა და თვით ჯვარცმაც იტვირთა. უფალმა გამოგვიხნა სიყვარულით, საკუთარი სურვილით.

აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღე გახდა საფუძველი ქრისტეს მიერ ჩვენი გამოხსნისა.
ყოვლადწმიდა მარიამმა უბიწოდ უფლის ნების თანხმობით შვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თუ ჩვენ არ გვექნება წმიდა ცხოვრება, ვერც ჩვენში შემოაღწევს ღვთაებრივი მადლი. დაე, ჩვენც ვემსგავსოთ მას, თავშეკავებაში, კრძალულებასა და წმიდა ცხოვრებაში. დაე, ნუ მივიდრიკებით იმ საშინელი ცხოვრების წესისკენ, რომელიც დღეს დამკვიდრებულა ჩვენს რეალობაში. დღეს ქალწულება დასაცინი გამხდარა, სიწმინდე – მიუღებელი, კრძალულება – სათაკილო, უბიწოებას კი სულიერ ავადმყოფობად მიიჩნევენ. ძალიან სამწუხაროა, რომ დიდად დაშორდა კაცობრიობა ქრისტეს და ყოვლაწმიდა ღვთისმშობელს. დღეს, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი მაგალითები ისინი კი აღარ არიან, არამედ უზნეო პიროვნებები.

ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდით მოიპოვა პატივი, რომ წოდებულიყო უპატიოსნესი ქერუბიმთასა და აღმატებული სერაფიმთასა. ვინაიდან, იგი არის ნიმუში და მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ღვთის მცნებათა აღსრულების გზით სიწმინდე მოვიპოვოთ და ღვთის მადლის სამკვიდრებლად ვიქცეთ! ღმერთმა საუკუნო სიხარული და ბედნიერება მოგვმადლოს!

ღმერთმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ!”

აღდგომა ქრისტესი

$
0
0

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! – ასე ესალმებიან ერთმანეთს ქრისტიანები აღდგომას. აღდგომა ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და სულიერად გვამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად.

აღდგომა მოძრავი დღესასწაულია. იგი აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი სავსე მთვარის პირველ კვირა დღეს. წელს მართლმადიდებლურ სამყაროში წამებული იესოს მკვდრეთით აღდგომას ქრისტიანები 5 მაისს ულოცავენ ერთმანეთს.

იესოს ჯვარცმის შემდეგ ორმა დღემ გაიარა. მესამე დღეს კი უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: “მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები”. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. შიშით თავზარი დაეცათ და როდესაც გონს მოეგნენ, გაიქცნენ.

ჯერ გათენებული არ იყო, როცა მარიამ მაგდალინელი, სალომე და სხვები საფლავთან მიდიოდნენ, რათა იესოს სხეულისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ, რაც დამარხვის დროს ვერ მოასწრეს. ქრისტეზე მგლოვიარე მარიამმა როცა დაინახა გადაგორებული ლოდი და ცარიელი საფლავი, იფიქრა, რომ ქრისტეს სხეული მტრებმა წაიღეს. დაიჩოქა და მწარედ ატირდა.

მაშინ ორი ანგელოზი იხილა. მათ მაგდალინელს ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მარიამმა უთხრა, რომ უფალზე ტიროდა. ეს რომ თქვა, უკან მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე დაინახა. მარიამი ვერაფერს მიხვდა, ეგონა, მებაღეაო. მაშინ იესომ უწინდელი ხმით დაუძახა: “მარიამ!” მარიამმა მაშინვე იცნო ხმაზე იესო. გაექანა, უნდოდა მუხლებზე მოჰხვეოდა, მაგრამ იესომ მას შეხების უფლება არ მისცა. გაგზავნა თავის ძმებთან და დააბარა, რომ ეთქვა: “აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღვთისა ჩემისა და ღვთისა თქვენისა თანა”. მარიამმა სასწრაფოდ ახარა იესოს აღდგომა იოანე და პეტრე მოციქულებს. მათ მიირბინეს მაცხოვრის საფლავთან და ნახეს, რომ ის ტილო, რომელშიც მაცხოვრის სხეული იყო გახვეული, ცალკე იდო, ხოლო სუდარა – ცალკე. იოანემ დაიჯერა, პეტრეს კი უკვირდა ეს ამბავი.

აღდგომა იესო ქრისტე ორმოცი დღის განმავლობაში არაერთხელ გამოეცხადა მოწაფეებს. იგი მოციქულებს ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა. აჩვენა ჯვარცმიდან დარჩენილი წყლულები, რომლებიც სხეულზე ჰქონდა დარჩენილი და რამდენიმე სასწაული. ამის შემდეგ კი ქრისტეს აღდგომა მათაც იწამეს, რომელთაც ეს მანამდე არ სჯეროდათ. იესომ წმიდა სისხლით გამოგვისყიდა ცოდვისა და სიკვდილის მონებისგან.

აღდგომის დღესასწაულს მრავალი ტრადიცია უკავშირდება. მათ შორის არის კვერცხების წითლად შეღებვის ჩვეულება. ეს ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება. როდესაც მარიამ მაგდალინელი იმპერატორს წარუდგინეს, მან ქვეყნის მმართველს სიმბოლურად კვერცხი გადასცა და ქრისტეს აღდგომა ახარა. იმპერატორს ამის გაგონებაზე გაეცინა და თქვა, რომ ამის დაჯერება ისეთივე რთული იქნებოდა, როგორც ის, რომ ეს კვერცხი გაწითლდებოდა. მას ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა და კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. მარიამმა იმპერატორს ისიც აუწყა, რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი კვერცხი – მაცხოვრის აღდგომისა. ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხებით მიელოცათ.

ლარნაკებში დათესილი ხორბალი და მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა. სააღდგომო სუფრა მრავალფეროვანი უნდა იყოს. ამ დღისთვის გამომცხვარი პასქა მაცხოვარს გვახსენებს, რომელიც ამბობს: “მე ვარ პური ზეცით გარდამოსული”.

ქრისტე აღდგა!!!

მოამზადა სოფიკო აბულაძემ

კვირაცხოვლობა

$
0
0

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის სწორზე კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.

კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.

სამების საკათედრო ტაძარი

კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო.

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: “უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო”. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. “შენ იხილე და ირწმუნე, თომა, – უთხრა უფალმა – ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”.

კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს.

ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.
მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.

კვირაცხოვლობა –სადღესასწაულო ქადაგება (19.04.2015)

$
0
0

სამების საკათედრო ტაძარი 19 აპრილს, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და დღესასწაული – კვირაცხოვლობა მიულოცა.

უწმიდესის თქმით, კვირაცხოვლობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია და ტოლია აღდგომისა, ამიტომ ეწოდება მას კვირაცხოვლობა.

პატრიარქმა კატეგორიულ აზროვნებაზე იქადაგა და მრევლს მოუწოდა, ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთთან საუბარი ისე, რომ ეს ჩხუბში არ გადაიზარდოს.

“გიფიქრიათ, ბზობა, გოლგოთა, აღდგომა და ამაღლება რატომ არის ერთმანეთთან ახლოს და რატომ ცვლის ერთმანეთს? სიხარულს ძალიან ხშირად მწუხარება მოსდევს, მწუხარებას – სიხარული. ასე იცვლება სიხარული და მწუხარება ერთმანეთში. ძველი რომაელები ამბობდნენ: ადამიანი ადამიანისთვის მგელია. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ იყოს და იყოს ძმა და მეგობარი?! ერთ დიდ პიროვნებას ჰკითხეს, ყველაზე საშიში რა არისო. ის დაფიქრდა და უპასუხა: ყველაზე საშიში კატეგორიული აზროვნება არისო, როცა ადამიანი კატეგორიულად აზროვნებს, ფიქრობს, რომ ის არის მართალი და ყველა მტყუანი, როცა სიმართლეს ხედავს მხოლოდ თავის თავში, თავის მოქმედებაში და აზროვნებაში.

საშიშია ის პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება. აი ეს ქმნის გარემოებას, როცა ადამიანი ადამიანისთვის მგელია. უდიდესი თვისებაა, როცა ადამიანს შეუძლია მოუსმინოს სხვა ადამიანს. უდიდესი დადებითი თვისებაა, როცა ადამიანი უსმენს სხვას და ხშირ შემთხვევაში აღიარებს, რომ ის არ იყო სწორი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მხოლოდ შენში არ არის ჭეშმარიტება. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, ჩვენი საუბარი არ უნდა გადაიზარდოს უხეშ კამათში, არ უნდა გადაიზარდოს ყვირილში და მტრობაში. რად გინდა ისეთი ჭეშმარიტება, თუ მეგობარს დაჰკარგავ? ამიტომ, ვეცადოთ ადამიანი ადამიანისათვის იყოს ძმა და მეგობარი.

თქვენ იცით რა ხდება სირიაში, ეგვიპტეში, ერაყში. ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ, ადამიანები ერთმანეთს თავს აჭრიან, ახრჩობენ, შეურაცხყოფას აყენებენ. ჩვენ ვლოცულობთ ამ გაჭირვებული ადამიანებისთვის. შევთხოვთ უფალს, რომ ეს მტრობა მეგობრულ ურთიერთობად აქციოს, ეს მტრობა ძმობად გადააქციოს. შევთხოვთ უფალს, რომ ძალი ერსა თვისსა მისცეს და მოგვცეს ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობა ადამიანთა შორის”, “, – ბრძანა ილია მეორემ.

ჯვართაღმართება – აღდგენილი დღესასწაული

$
0
0

“სვეტიცხოვლის სასწაულის შემდეგ, როდესაც გასრულდა მირიანისეული ტაძრის მშენებლობა და მცხეთაში კონსტანტინე დიდის წარმოგზავნილ სასულიერო პირთა მიერ მოინათლა მეფე–დედოფალი ოჯახით და “ყოველი ერი”, წმიდა ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ მეფესთან ერთად ჯვრების აღმართვა განიზრახეს”. მცხეთის ჯვარი სწორედ IV საუკუნეში წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევას უკავშირდება მივიწყებული დღესასწაული ჯვართაღმართება და პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის დროსაა დაწესებული.

2007 წელს, ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილიაII–ის ლოცვა–კურთხევით ეს უძველესი დღესასწაული – ჯვართაღმართება – აღადგინა.

IV საუკუნეში ჯვრის შესაქმნელად “აკაკის ხე” გამოიყენეს, რომელიც დღევანდელი მცხეთის ჯვრის ფერდზე, წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროსთან იყო აღმართული. მარადმწვანე, სურნელოვანი ხე სასწაულებრივად კურნავდა ცხოველებსა და ფრინველებს.

ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემის თანახმად, ძვ. სტილით 25 მარტს, ხარება დღეს მეფის ძემ – რევიმ და ეპისკოპოსმა იოანემ მორწმუნეების თანხლებით მოკვეთეს ხე, მიწაზე შეუხებლად შეაბრძანეს მცხეთაში და სვეტიცხოვლის სამხრეთ კართან აღმართეს, სადაც 37 დღე კვლავ მარადმწვანედ იყო.

“1 მაისს იმ ხისგან ხუროებმა, მღვდლების სწავლებით, სამი ჯვარი შექმნეს. 7 მაისს კი “ხელის დადებითა მეფისაითა” აღმართეს სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც შეკრებილნი იყვნენ მორწმუნენი. იმავე ღამეს ზეციდან გარდამოვიდა ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვარი და თავზე დაადგა წმიდა ეკლესიას. რიჟრაჟზე მას გამოეყო ორი ვარსკვლავი, რომელთაგან ერთი – აღმოსავლეთისკენ, ხოლო მეორე დასავლეთისკენ გაემართა. “იგი თავადი – ჯუარი ცეცხლისაი დაგვირგვინებული ვარსკულავითა”, იდგა თავისი ბრწყინვალებით და ნელ–ნელა დაიძრა აღმოსავლეთისკენ, განვლო არაგვი და დაადგა წმიდა ნინოს ცრემლით აღმოცენებულ წყაროს. იქიდან ბორცვის თავზე აღემართა და კვლავ წყაროზე დაბრუნდა, რის შემდეგაც ზეცად ამაღლდა. ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა და მორწმუნე ერმა ყოველივე იხილა”.

ერთი ჯვარი – თხოთში აღმართეს, მეორე – მირიან მეფის ძის, რევის მეუღლემ სალომემ ქალაქ უჯარმაში აღმართა, რადგან უჯარმა სამეფო ქალაქი იყო და ერის სიმრავლითაც გამოირჩეოდა.

ისტორიული გადმოცემით, ჯვართაღმართებას ქართლში კერპების დაცემა და განადგურება მოჰყვა.

ჯვართაღმართების დღესასწაულის აღდგენის ნიშნად, კათოლიკოს-პარტიარქის ლოცვა–კურთხევით სვეტიცხოველსა და ჯვარს შორის, არაგვის პირას ქართლის მოქცევის ეპიზოდებით შემკული, ჯვრით დაგვირგვინებული სვეტი აღიმართა. ეს ადგილი ერთგვარი ცენტრია, საიდანაც კარგად ჩანს ქართლის ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა წმიდა ადგილი – მტკვარ–არაგვის შესართავი, ბაგინეთი, ბეთლემის გამოქვაბული, სვეტიცხოველი, სამთავრო–მაყვლოვანი…

დღესასწაულთან ერთად აღდგა ამ გზაზე ლოცვით მსვლელობის წესი: ხარების დღესასწაულზე საგანგებოდ მომზადებულ სამ ჯვარს პატრიარქი სამების ლავრის ხარების ტაძარში აკურთხებს. მრევლი მათ მიაბრძანებს მცხეთის ჯვრის მონასტერში, გადაიხდის პარაკლისს, შემდგომ კი მთის ფერდით წმ. ნინოს “ძუძუს წაროსთან” გალობით დაეშვება და ლიტანიით გაემართება სვეტიცხოვლისკენ, სადაც ჯვრები ჯვართაღმართების დღესასწაულამდეა საკურთხეველში. დღესასწაულზე წირვის შემდეგ ერთ–ერთ ჯვარს ლიტანიით მდინარე არაგვის გადაკვეთით, “ძუძუს წყაროს” მოლოცვით ააბრძანებენ ჯვრის მონასტერში, ორ დანარჩენს – თხოთისა და უჯარმის ტაძრებში, საიდანაც წინა წელს აღმართული ჯვრები, პატრიარქის კურთხევით, საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში გადაბრძანდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჯვართაღმართების დღესასწაულზე მრევლს სახლსა და ეზოში ჯვრის აღმართვის კურთხევა მისცა.

“ჯვარს აქვს ძალიან დიდი ძალა. აუცილებლად უნდა იყოს ნაკურთხი იგი და მე გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, რომ ყოველი თქვენგანის სახლში, ეზოში იყოს აღმართული პატარა ჯვარი”, – ბრძანა პატრიარქმა.”…და ასე განმეორდება ყოველ წელს, რათა მადლი პატიოსანი ჯვრებით წმ. დედაქალაქიდან მთელ საქართველოში განიფინოს ფრიად და მცველად ქართველთა”. 

 

ანა შეშაბერიძე


გილოცავთ გიორგობას!

$
0
0

წმინდა გიორგიწმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი (+303) მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.
ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.

კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ მხარდაჭერაც აღუთქვა.

წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება: “მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენს წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისათვის”. – “რა არის ჭეშმარიტება?” – ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. “თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნული თქვენ მიერ”, – იყო პასუხი.

თავისი საყვარელი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა აღმსარებელმა მტკიცედ მიუგო: “ვერავითარი ამსოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს”. განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით მეომრები შეეცადნენ შუბის კვრით გაეყვანათ იგი დარბაზიდან, მაგრამ წმიდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას ფეხებზე ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს.

მეორე დღეს ნაწამები წმიდა გიორგი ისევ იმპერატორს წარუდგინეს: “უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე, შენს მიერ გვემული”, – ასე პასუხობდა იგი დიოკლეტიანეს ყოველ შეკითხვას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერილმა წმიდანმა ჯერ ხმამაღლა ჰხადა უფალს, შემდეგ კი დადუმება არჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, უკვე აღესრულაო, უბრძანა ჩამოეხსნათ სხეული ბორბლიდან. თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.

მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ მაღლიდან მოისმა ხმა: “ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!” ბორბალთან უჩვეული ნათლითმოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: “გიხაროდენ!” და გაუჩინარდა, წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს.

ამის მხილველმა განცვიფრებულმა მეომრებმა წმიდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაიყვანეს, იმპერატორთან. დიოკლეტიანემ თვალებს არ დაუჯერა, როცა საღ-სალამათი მოწამე იხილა, ვერც მისანმა ათანასემ დამალა გაოცება. მომხდარი სასწაულით გამხნევებულმა საიმპერატორო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ – ანატოლიმ და პროტოლეონმა, რომლებიც მანამდე მალავდნენ ქრისტიანობას, საჯაროდ აღიარეს სარწმუნოება და იმწამსვე დიოკლეტიანესაგან თავის მოკვეთაც მიესაჯათ. თვით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს და მზად იყო გაეზიარებინა მის თვალწინ წამებულ დიდებულთა ხვედრი, მცველებს სასწრაფოდ, ძალით რომ არ წაეყვანათ სასახლეში.

ამის შემდეგ იმპერატორი კიდევ უფრო სასტიკი გახდა. მისი განკარგულებით წმიდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოყარეს და წმიდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით მას წვერწამახული ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპრყობილემდე.

მეორე დღეს, როცა დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმიდა გიორგის ნახვა, წამებულმა დაუზიანებელი ფეხი უჩვენა და ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო. ამის გამო ისე ცემეს ხარის გამხმარი ძარღვებით, რომ წმიდანის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მაგრამ მისი სიმტკიცე მაინც ვერ გასტეხეს.

იმპერატორმა დასახმარებლად წარმართ მოგვს ათანასეს უხმო. ათანასემ შეზავებული სითხით სავსე ორი თასი მისცა მოწამეს, პირველს მორჩილი უნდა გაეხადა იგი, მეორეს კი უნდა მოეკლა. მოწამემ მშვიდად შესვა ორივე და კვლავ ადიდა ღმერთი.

მისნის რჩევით დიოკლეტიანემ წმიდა გიორგის უბრძანა, ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული აღედგინა მკვდრეთით. წმიდანი საფლავთან მიიყვანეს. მან უფალს შეჰღაღადა: “უფალო იესო! წინაშე შენსა წარმომდგართ უჩვენე, რომ ერთი ღმერთი ხარ მთელი ქვეყნისა, რათა გიცნან შენ, ყოვლადძლიერი მეუფე ჩვენი”. მიწა იძრა, საფლავი გაიხსნა და მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. ამ სასწაულის მოწმეებმა ერთხმად ადიდეს ღმერთი, თვით იმ წამსვე აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება, წმიდა გიორგის დაუჩოქა და სთხოვა, ცოდვები მიეტევებინა მისთვის. გამძვინვარებულმა დიოკლეტიანემ სიკვდილით დასაჯა ათანასეც და მკვდრეთით აღმდგარი კაციც, წმიდა გიორგი კი კვლავ საპრყობილეში ჩააგდო, რათა მეორე დღესვე სიკვდილით დაესაჯა იგი, თუკი საბოლოოდ არ უარყოფდა ქრისტეს.

იმ ღამეს წმიდა გიორგის თავად მაცხოვარი ეჩვენა. უფალმა გვირგვინით შეუმკო თავი მოწამეს და უთხრა: “ნუ გეშინინ, მხნე იყავ, განძლიერდი. მალე მიხილავ და მიიღებ შენთვის განკუთვნილ ადგილს”.

დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ შესთავაზა წმიდა მოწამეს, თაყვანი ეცა კერპებისთვის. წმიდა გიორგი დათანხმდა მბრძანებელს აპოლონის ბომონში გაყოლაზე, ხოლო როცა გახარებულმა იმპერატორმა პატივით შეიყვანა იგი სამსხვერპლოში, წმიდანი მიუახლოვდა კერპს, ჯვარი გადასახა და ყველა კერპი თავისით დაიმსხვრა.
ხალხი აბობოქრდა. ქურუმები წმინდანის მოკვდინებას მოითხოვდნენ. ხმაურზე წმიდა დედოფალი ალექსანდრა მოვიდა. როცა ნახა, რომ წმიდა გიორგი სასიკვდილოდ მიჰყავდათ, თვითონაც აღიარა ქრისტიანობა და დიოკლეტიანესაგან სიკვდილმისჯილი, სიხარულით გაჰყვა გვერდით საყვარელ წმიდანს.

დასჯის წინ წმიდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არა უწყოდნენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს. იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში.

წმიდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ: 23 აპრილს (6 მაისს) – წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. (ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გადავიდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში.

“წმიდანთა ცხოვრება”, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

ტროპარი

ტყუეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღუაწლითშემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

თამარობა

$
0
0

ახალი სტილით 14 მაისი – ქართველთა კეთილმორწმუნე მეფე თამარის ხსენების დღეა

თამარის ფრესკა ვარძიაში ქართველთა უზარმაზარი სამფლობელო დარჩა სრულქმნილ თამარს (1184-1210), რომელიც თუმცა ასაკით პატარა იყო, “ვითარცა ქალი იყო ქალთაგან უმშვენიერესი”. იგი იყო თავმდაბალი, გულმოწყალე, ტკბილად მოსაუბრე, თავისი ხალხისა და ქვეყნის პატრონი. უმდიდრესი ხელმწიფე იყო, მაგრამ თვითონ მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობდა.

თამარის გამეფების წელსვე სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება გაჩნდა. გაჩნდა სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება, მაგრამ სიბრძნით სწორუპოვარმა თამარმა გონიერება გამოიჩინა და მოახერხა მოწინააღმდეგეს მის წინაშე მუხლი მოეყარა, სანაცვლოდ კი თვითონაც მოუწია დათმობებზე წასულიყო.

1185 წელს მეფემ რუს უფლისწულ იურიზე (ანუ გიორგი) იქორწინა. ქართველებმა მისი სარდლობით მრავალი ირანული ქალაქი აიღეს. მოგვიანებით, გიორგის შეუწყნარებელი ხასიათის გამო, თამარი იძულებული გახდა ქმარს გაჰყროდა.

1189 წელს მეფემ მეორედ იქორწინა ოსთა მეფის ძეზე, დავით სოსლანზე. თამარსა და დავითს ვაჟი შეეძინათ მას გიორგი-ლაშა უწოდეს. ვაჟის დაბადება დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. დიდსულოვანმა მეფემ დიდძალი წყალობა გაიღო, მრავალი შესაწირით გაავსო ეკლესიები. ერთი წლის შემდეგ თამარსა და დავითს მეორე შვილი, რუსუდანი შეეძინათ.

ქართველებმა მრავალ ბრძოლაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, ისინი იბრძოდნენ ძველი ქართული მიწების შემომტკიცებისთვის. რამდენჯერმე მარცხიც იწვნიეს, მაგრამ XIII საუკუნეში მძლავრი ნაბიჯებით შემოდგეს ფეხი საერთაშორისო ასპარეზზე. თამარის ფრესკა ბეთანიაში ქართველთა აღზევებას არ ურიგდებოდა მაჰმადიანური სამყარო და აქტიურად ემზადებოდა ქართველთა დასამხობად. მათ წერილიც გამოუგზავნეს ქართველებს, რომელიც ქრისტიანობაზე ხელის აღებასა და უომრად დანებებაზე მოუწოდებდა. თამარმა და დავითმა ჯარი საომრად განაწყვეს. პირველსავე შეტაკებაზე შედრკნენ თურქები, მაგრამ ძლიერი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. ფიცხელი ბრძოლის შემდეგ ქართველებმა ბასიანში მაინც შეძლეს მტერზე გამარჯვება. მათ დიდი ნადავლი მოიპოვეს და თურქთა დროშები თამარის ფეხებთან დაყარეს. ბასიანის ბრძოლის შემდეგ საზეიმო განწყობილება სუფევდა საქართველოში. არ გასულა დიდი ხანი და გარდაიცვალა დავით სოსლანი. მგლოვიარე მეფემ თანამოსაყდრედ თავისი ძე, გიორგი-ლაშა დაისვა.

კიდევ რამდენჯერმე მოუხდათ ქართველებს მაჰმადიანებთან ბრძოლა. ძლიერების მწვერვალზე იყო საქართველო. კავკასიელთა ერთიანი სახელმწიფო უფრო გაშლილიყო. ჩრდილოეთით “ნიკოფსიითგან დარუბანდამდის” გადაჭიმული და სამხრეთით “სინოპიდან არდაველამდის”. მეფეთა მეფე იყო თამარი, ხოლო თამარის სახელმწიფო ძლიერი და ერთიანი. მრავალი უთანასწორო ბრძოლა დასრულდა თამარის დროშის გამარჯვებით. გავიდა საუკუნეები და მისი სახელი სალოცავი გახდა საქართველოსთვის.

“მზე იგი მზეთა” თამარი გახლდათ სამაგალითო ქრისტიანი, მან საეკლესიო საქმეებსაც მიხედა, რადგან ქრისტიანულ ეკლესიას ზნეობრივი რყევა შეამჩნია. აურაცხელი საბოძვარი გასცა ხალხისთვისაც. შენდებოდა ტაძრები, ციხესიმაგრეები, ხიდები. გაჩნდა “თამარის ციხე”, “თამარის ხიდი”, “თამარის ხატი”, “თამარის ეკლესია”…

თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა. ქვეყანამ დაკარგა დედა და დედოფალი სრულიად სახელმწიფოსი. ეს იყო კლასიკური ხანა საქართველოს ისტორიაში.

დღემდე თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი. მათ შორის ერთ-ერთი ბეთანიის ტაძარს ამშვენებს. თამარის ფრესკა სამხრეთის შესასვლელიდან შესულ ადამიანს უდგება თვალწინ. მას ხელები საკურთხევლისკენ აქვს გაწვდილი. სამეფო ტანსაცმელი აცვია. მხატვარს მეფე ჩვეულებრივ ადამიანად ჰყავს წარმოდგენილი. ის მოკლებულია ღვთაებრიობას. თამარის სახე დიდებული და ამაღლებულია.

თამარ მეფის სახე შემოგვინახა ბერთუბნის ეკლესიამაც. ფრესკა დაზიანებულია, გადარჩენილი ნაწილები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

XII-XIII საუკუნეების ქართული კულტურის, ვარძიის მშენებლობის ისტორიაში რამდენიმე პერიოდი გამოიყოფა. ერთ-ერთი ეტაპი თამარის მეფობის დასაწყისია. ვარძიის მშვენება ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია, სადაც ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახულნი. თამარის ფრესკა ყინწვისში ყმაწვილ ქალს ეკლესიის მოდელი უპყრია ხელთ. თამარმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად ტაძარი უხვი წყალობით აღავსო.

ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე ლაშა-გიორგისთან და გიორგი III-სთან ერთადაა გამოსახული. შენობა შეულესავთ და ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ გადარჩენილი ფრესკები მხატვრული ღირსებით შუა საუკუნეების მონუმენტური ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია.

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა. 14 მაისს მისი ხსენების დღე საქართველოში საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება.

მთელ საქართველოს ვულოცავთ ამ მადლიან დღეს და ვუსურვებთ თამარის მსგავსნი ვყოფილიყავით სიბრძნით, უსპეტაკესი ზნეობით, “უკლებელი გონებითა” და ყველა სხვა სიკეთით.

სოფიკო აბულაძე

გილოცავთ ნიკოლოზობას!

$
0
0

წმიდა ნიკოლოზი – მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი

22 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს. ამ დღეს სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილები ქალაქ მირონიდან ბარში გადაასვენეს.

წმიდა ნიკოლოზითეოფანესა და ნონას ხანგრძლივი, გულმხურვალე ლოცვით ღმერთმა ამ ღვთისმოშიშ ოჯახსა და მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს წმიდა ნიკოლოზი მოუვლინა. წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა.

წმიდა ნიკოლოზი სიყრმეშივე ღრმად განისწავლა საღმრთო წერილში. პართიის ეპისკოპოსმა ღვთისმოშიში ყმაწვილი მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა.

325 წელს იგი მონაწილეობას იღებდა ნიკეის I საეკლესიო კრებაზე, სადაც მიიღეს სიმბოლო სარწმუნოებისა – მრწამსი.

წმიდა ნიკოლოზი გაჭირვებულთა დამხმარეა. მას ტანჯულთა შემწეობა გარდაცვალების შემდეგაც არ შეუწყვიტავს. სასწაულთმოქმედმა მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება გაჭირვებულებს უბოძა. წმიდა ნიკოლოზი ცდილობდა, კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო გაცხადებული. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან იერუსალიმი მოილოცა, ქალაქ მირონში დაბრუნებული კი ეპისკოპოსად აირჩიეს.

ხელდასმის დღეს მღვდელმთავარმა სამწყსოს წმიდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა:

“ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქნება”.

ღვთის სიყვარულისა და ხალხის დახმარებისთვის ის ქალაქ მირონში იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს. ღვთის სიტყვას იქაც მოუკლებლად ქადაგება. იგი 8 წლის შემდეგ გაათავისუფლეს, როცა იმპერატორად ქრისტიანთა მფარველი – კონსტანტინე დიდი დაჯდა.

მღვდელთმთავარი ნიკოლოზი 82 წლის გარდაიცვალა. მისი სხეული კეთილსურნელებასა და მირონს გამოსცემდა და მრავალ სასწაულს აღავლენდა. თავდაპირველად ის ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. 1087 წელს კი ეს სიწმინდე იტალიაში, ქალაქ ბარში გადაასვენეს.

წმიდა ნიკოლოზი გარდაცვალების შემდეგაც არის მკურნალი ადამიანების ფიზიკური და სულიერი ავადმყოფობისა. მას განსაკუთრებით მეზღვაურები ეთაყვანებიან.

წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ არის: ძველი სტილით – 9 მაისსა და 6 დეკემბერს, ხოლო ახალი სტილით –22 მაისსა და 19 დეკემბერს.

ანა შეშაბერიძე

წმიდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებული სასწაული
ყმაწვილის განკურნება

ერთი ყმაწვილი, ნიკოლოზი იმდენად დასნეულდა, რომ არც დგომა და არც სიარული არ შეეძლო. ფეხები სულ დაკრუნჩხოდა და მხოლოდ ცოცვასღა თუ ახერხებდა. ასეთ დღეში იყო იგი 6 თვე. მრავალ ექიმთან იმკურნალა, მთელი თავისი ქონება ამაში დაეხარჯა, შველას კი ვერავისგან იღებდა. ერთხელაც წმიდა ნიკოლოზობას დაინახა ტაძრისაკენ მიმავალი ადამიანები და თვითონაც გაცოცდა მათ კვალდაკვალ. გზად შემოხვდა ტანჯულთა შემწე წმიდა ნიკოლოზი და ჰკითხა:

– საით მიღოღავ ასე გაჭირვებით?

– ეკლესიისკენ. – მიუგო ყმაწვილმა და შესჩივლა თავის მდგომარეობაზე.

– მომყევი, მართლა თუ გინდა განიკურნო. – უთხრა წმიდანმა. მერე
მიიყვანა ეკლესიის კარამდე, თვითონ კი გაუჩინარდა. ყმაწვილი შეღოღდა ტაძარში, დაანთო სანთელი და თვალი მოჰკრა კედელზე წმიდანის ხატს, იცნო იგი და შესძახა:

– წმიდაო ნიკოლოზ, აასრულე შენი ნათქვამი. განა შენ არ შემპირდი: თუ გსურს განკურნება, მე მომყევიო. განა აქ არა ვარ?! გთხოვ, გევედრები, განმკურნე!

დიდხანს ლოცულობდა ასე თვალცრემლიანი და ბოლოს სთხოვა გარშემომყოფთ, წამოეყენებინათ და მიეყვანათ წმიდა ნიკოლოზის ხატთან. მათაც წამოაყენეს იგი. მაშინ ყმაწვილმა შესძლო მაგრად მოხვეოდა ხატს, რასაც იგი მანამდე ვარ ახერხებდა, ემთხვია და უცებ მყარად დადგა მიწაზე, რადგან ფეხები გასწორებოდა. გახარებულმა სამჯერ გადაიწერა პირჯვარი, წმიდა ნიკოლოზის ხატის წინ ანთებული კანდელიდან ზეთი იცხო და ყველას თვალწინ სასწაულებრივად მთლიანად განიკურნა.

წმიდა ნიკოლოზის ტროპარი

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

გილოცავთ სულთმოფენობას!

$
0
0

სულთმოფენობის დღესასწაულზე ყველა მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. დღესასწაული მოციქულთა დროიდან იღებს სათავეს.

სულთმოფენობის შესახებ “ამბიონს” მარტყოფის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იოანე მაზანაშვილი ესაუბრა.

სულთმოფენობამამა იოანე: “აღდგომიდან მე-40 დღეს მაცხოვარი ზეცად ამაღლდა და მოციქულებს სულიწმიდის გარდამოსვლა აღუთქვა. ამაღლებიდან მე-10 დღეს კი მოციქულებსა და იქ მყოფ ადამიანებზე აღთქმული სულიწმიდა გადმოვიდა ძლიერი ქარის მსგავსი ხმაურითა და ცეცხლოვანი ენების სახით. ე.ი. აღდგომიდან 50-ე დღეს. ეს დღესასწაული არის ძველი აღთქმის 50-ე დღის დღესასწაულის განახლება, რომელიც იზეიმებოდა ებრაელთა მიერ. ეგვიპტის მონობიდან გამოსვლისას მოსე წინასწარმეტყველმა 50-ე დღეს სინას მთაზე უფლისგან მიიღო სჯული, რის შედეგადაც ძველი აღთქმის ეკლესია დაარსდა. ხოლო ამ დღეს მოხდა ძველი აღთქმის ეკლესიის განახლება ახალი აღთქმის ეკლესიით. სულთმოფენობა არის ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსების დღესასწაული. “და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთარს, და იყო მეყვსეულად ზეცით ოხრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი, და აღავსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. და ეჩუენნესAმათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადისა მათსა ზედა. დაDაღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად”. (საქმე 2; 1-4).

ამ დროს მოციქულებმა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე დაიწყეს ქადაგება. ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას მოხდა ენათა აღრევა, ადამიანებმა სხვადასხვა ენაზე დაიწყეს საუბარი და ვეღარ გაუგეს ერთმანეთს. ხოლო სულიწმიდის გადმოსვლის შედეგად ადამიანებმა თავის მშობლიურ ენაზე მოისმინეს ღვთის სიტყვა. ეს ხდებოდა მესამე ჟამნზე (დილის 9 საათზე, ჩვენი დროით,) და აღსრულდა იოელის წინასწარმეტყველება: “და იყოს უკანასკნელთა დღეთა, – იტყვის უფალი ღმერთი, – მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყუელებდნენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი, ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქვენთა ჩუენებით განვეცხადო და მონათა ჩემთა ზედა და მხევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა…” (საქმე 2; 17-18). და სწორედ ეს აღთქმული “სულიწმიდა, უფალი და ცხოველმყოფელი” მეუფე ზეცათა, ნუგეშინისმცემელი, “სული ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს და მამისა თანა და ძისა თანა თაყვანისიცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ”, რომელი ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს თვისითა მადლითა, ათბობს, ანათებს, ნუგეშს სცემს, აცოცხლებს და განაბრძნობს ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, დედა ეკლესიის წიაღში მყოფთ ეკლესიის შვიდი საიდუმლოს მეშვეობით.

სულიწმიდის გამოჩენა ენების სახით, წმ. მამათა განმარტებით, ნიშნავს ღვთის სიტყვის მქადაგებლობას ყველა ტომთათვის, ხოლო ცეცხლი – ცოდვათა დაწვას, წარხოცვას.

ძველი აღთქმის ეკლესიაში 50-ე დღეს ებრაელებს მოსავლის პირველი ნაყოფების მიტანა ევალებოდათ. ხოლო ახალი აღთქმის ეკლესიაში ასეთი ტრადიცია არსებობს – ეკლესია მინდვრის ყვავილებითა და მცენარეებით ირთვება (ხატები და იატაკი) და ერთი კვირის განმავლობაში იქ რჩება. მორწმუნეებს წირვაზე ყვავილების თაიგულები მიაქვთ შუაში დამაგრებული სანთლებით, რაც განასახიერებს სამყაროზე სულიწმიდის მადლის გადმოსვლას. ეს ყვავილები წირვის შემდგომ მორწმუნეებს სახლებში მიაქვთ.

სულთმოფენობას აღდგომიდან ამაღლებამდე შეწყვეტილი “მეუფეო ზეცათაო”-ს ლოცვა და მუხლმოდრეკა განახლდება”.

თეა სულაბერიძე

კვირიკობა

$
0
0

სვანეთში, სოფელ კალაში 28 ივლისს წმიდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, უხსოვარი დროიდან აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. ამ დღეს სვანები ეკლესიას საგანგებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ცხვარს სწირავენ.

კვირიკობაწმიდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში. აქ დაცულია წმიდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი. სვანების ყოველ თემს თავისი ეკლესიები აქვს აუარებელი ჯვარ-ხატებით, მაგრამ არც ერთი ისე ძლიერად არ მიაჩნიათ, როგორც “ლაგურკა”, წმ. კვირიკეს და ივლიტას ეკლესია და მასში დაცული საუცხოო, ბიზანტიური ხელოვნების სანაწილე – ხატი, რომელსაც ისინი შალიანს უწოდებენ. ამიტომაც დიდი ბოროტების და დანაშაულობის ჩამდენის აღმოსაჩენად შენიშნულ პირებს ამ ხატზე აფიცებენ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ სვანს ფიცის დროს თავისი დანაშაული არ ეღიარებინა.

როგორც სვანური ეკლესიების აბსოლუტური უმრავლესობა ეს ეკლესიაც დარბაზულია. მას სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის. ორი სარკმელი – ერთი საკურთხეველში და მეორე დასავლეთ კედელში. ამჟამად მოქმედია დასავლეთის შესასვლელი.

ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და შესანიშნავი ქართველი მხატვრის თევდორეს მიერ, რომელიც XI-XII სს-ის მიჯნაზე დემეტრე მეფის კარზე მოღვაწეობდა.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე წარმოდგენილია ოთხი ფიგურა, რომლებიც სიმეტრიულადაა განლაგებული სარკმლისა და კარის ორივე მხარეს: ზემოთ წმიდა კვირიკე და წმიდა ივლიტა, ხოლო ქვემოთ წმიდა ბარბარე და წმიდა ეკატერინა. ტაძრის საკურთხევლის კანკელზე, მის ზედა ნაწილში, მოცემულია წელსზევითი გამოსახულებები შემდეგი თანმიმდევრობით მარცხნიდან მარჯვნივ – წმიდა სტეფანე, წმიდა კვირიკე, შემდეგ აღსავლის კარები და შემდეგ წმიდა ივლიტა და წმიდა ქრისტინა.

კალა, ლაგურკასამხრეთის კედელი დათმობილი აქვს წმიდა კვირიკესა და ივლიტას ცხოვრების ორ ეპიზოდს – პატარა კვირიკეს სასახლის კედლიდან გადმონარცხებას და წმიდა ივლიტას სიკვდილით დასჯას. მათ ზემოთ გამოსახულია ანგელოზი მოწამოებრივი ნიმბით ხელში. ამ გამოსახულებებს ახლავს წარწერები: “წმიდაი ივლიტა ჰმადლობს ქრისტესა ღმერთსა, რომელმან სრულყო წამებაი წმიდისა კვირიკესი, ძისა თვისისა”, ხოლო მეორე კომპოზიციაზე: “თუესა ივლისსა იე (15) წამებაი წმიდისა კვირიკესი. მან უღმრთომან მეფემან გარდამოაგდო წმიდაი კვირიკე საყდართაგან”. წამების დღე აღნიშნულია წმიდა ივლიტეს თავის კვეთის გამოსახულებაზეც: “თუესა ივლისსა ივ (16) წამებაი წმიდისა ივლიტასი”. ორივე თარიღი აღნიშნულია ძველი წელთაღრიცხვით – ამჟამად კვირიკობა და ივლიტობა 28-29 ივლისს აღინიშნება.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე, შესასვლელი კარების ზემოთ, კედლის მთელ სიგანეზე მოთავსებულია ლურჯ ფონზე თეთრი საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერა სამ სტრიქონად: “სახელითა ღმრთისაითა. მოიხატა და შეიმკო წმიდაი ესე ეკლესიაი წმიდისა კვირიკესი სადიდებელად და სალოცველად ამის ხევისა აზნაურთა ყოველთა, რომელნი აშენებენ ამას წმიდასა ეკლესიასა; წმიდაო კვირიკე, ადიდენ და შეიწყალენ ყოველნი, ამენ.”

ლაკურგის მოხატულობა ნაწილობრივ გადაწერილია გვიან შუა საუკუნეებში, რადგან მიწისძვრას ძლიერ დაუზიანებია. ამას გვაუწყებს წარწერა: “საყდარი ესე წმიდისა კვირიკესი, ოდეს მიწისა ძვრამან დაარღვია, მე ანტონის შვილმა გიორგი, ახლად შევამკე”. ამ დროს ხელმეორედ, მაგრამ ძველი მოხატულობის მიხედვით მოხატეს საკურთხეველი და კანკელი.

ამჟამად კალას თემის ეკლესიების მთელი საგანძური ლაგურკის ეკლესიაშია თავმოყრილი. ხატები წმ. კვირიკეს გამოსახულებით მხოლოდ სვანეთშია დაცული. ლაგურკის ეკლესიამ წმ. კვირიკეს ათი ხატი შემოგვინახა, რომლებიც სხვადასხვა დროს მიეკუთვნება და წარმოადგენს მას ტრადიციულად, როგორც მოწამეს ჯვრით ხელში. ეს ხატები სპეციალურად ლაგურკის ეკლესიისთვის იყო შესრულებული.

წმ.კვირიკე და ივლიტაწმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს – ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად სელევკიაში გაიხიზნა. ის მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან. მალე ის მმართველ ალექსანდრესტან დაიბარეს.

ივლიტა სამსჯავროზე თავისი სამი წლის ძით ხელში მივიდა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის გათავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: “მეც ქრისტიანი ვარ!” ტიროდა ბავშვი, ტირილით მიიწევდა დედისკენ. გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.

ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრულისთვის მადლობა შესწირა უფალს. მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ. ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა, მაცხოვარს შეჰღაღადა და თავიც მოჰკვეთეს.

წმიდანთა წამება მოხდა დაახლოებით 305 წელს. ივლიტას გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის.

წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი საქართველოში ინახება.

თეონა ნოზაძე

ელიაობა

$
0
0

ელიაობა ყოველწლიურად 2 აგვისტოს აღინიშნება. განსაკუთრებულად ამ დღეს დედოფლისწყაროში დღესასწაულობენ, სადაც ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს. მრევლი სპეციალურად ამ დღისთვის დედოფლისწყაროში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადის.

ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი): “ამინდის შეცვლასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებებისა და რწმენა-წარმოდგენების გარდა, რომლებიც მაის-ივნისში, ან საჭიროების დროს იმართებოდა, ხალხურ დღეობათა კალენდარში გამოყოფილია განსაკუთრებული დღე – 2 აგვისტო (ძვ. სტ. 20 ივლისი), ელიაობა როდესაც ამინდის განმგებელის ელიას სახელობის დღე აღინიშნება. საეკლესიო კალენდარიც ამ დღეს ილია წინასწარმეტყველს, იგივე თესბიტელს მოიხსენიებს. უძრავი დღესასწაულის გარდა, წმიდა ელიას გვალვის დროს გაწვიმებას არა მარტო ხალხი, არამედ ეკლესიაც შესთხოვდა.

წმ. ილია (ელია) წინასწარმეტყველი ქრისტეს მოსვლამდე IX ს-ში პალესტინის ქალაქ თესბიტში ცხოვრობდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, რომელიც წმ. ეპიფანე კვიპრელიდან მომდინარეობს, წმ. ილიას მამას ჰქონდა ჩვენება: პატივცემული მამები ახალშობილ წმ. ილიას მოწიწებით ესალმებოდნენ, ახვევდნენ ცეცხლოვან სახვევებში და ცეცხლით კვებავდნენ. იერუსალიმელმა მღვდლებმა მამას ჩვენება განუმარტეს და უთხრეს, რომ მისი ვაჟი იერუსალიმს ცეცხლითა და მახვილით განსჯიდა. მართლაც, წმ. ილია ისრაელის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი გახდა. იგი მეფე აქაბის დროს მოღვაწეობდა. უკეთური მეფე აქაბის (მან უღალატა ჭეშმარიტ ღმერთს და მის ნაცვლად წარმართული კერპი აღმართა) დასასჯელად ისრაელს სამწლიანი გვალვა მოევლინა, თავად წმ. ილია კი ღვთის მითითებით უდაბნოში მთის ნაკადულთან იმალებოდა, სადაც მასთან ყორნებს დილა-საღამოს პური და ხორცი მიჰქონდათ. ქვეყანას საშინელი გვალვა და შიმშილი დაატყდა თავს. ხალხმა ნელ-ნელა ჭეშმარიტი ღმერთის გახსენება დაიწყო.

ამასობაში, ღმერთის მითითებით, ილია წინასწარმეტყველმა ბაალის ქურუმი გამოიწვია და შესთავაზა, გამოეცადათ, რომელი იყო ჭეშმარიტი ღმერთი: იაჰვე თუ ბაალი. ორივე მხარეს საკუთარი ღმერთისთვის თითო მოზვერი ისე უნდა შეეწირა, რომ შეშისთვის ცეცხლი არც ერთს არ მოეკიდებინა. ჯერ ბაალის მსახურებმა ილოცეს ბაალის წინაშე მთელი დღე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ წმ. ილიამ უფლის დანგრეული საკურთხეველი თორმეტი ქვით ამოაშენა და სამსხვერპლო მოზვერზე დიდძალი წყალი დაასხმევინა, დაიჩოქა და იაჰვეს წიანშე ილოცა. დაასრულა თუ არა წინასწარმეტყველმა ლოცვა, ზეციდან ელვასავით გადმოსულმა ცეცხლმა მიწიანად დანთქა მსხვერპლი, შეშა, ქვები, ამოაშრო წყალი. ახლა კი კვლავ ირწმუნა ხალხმა იაჰვე. ამის შემდეგ, წმ. ილია ავიდა მთაზე და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდა, წვიმა მოევლინა. შვიდგზის ლოცვის შემდეგ მოვიდა ნანატრი წვიმა. ასე დასრულდა ისრაელში სამწლიანი გვალვა.

გამოხდა ხანი. ამ ხნის განმავლობაში მრავალი რამ მოხდა ისრაელში. დადგა ილია წინასწარმეტყველის გარდაცვალების დრო, მაგრამ ღმერთმა იგი ცეცხლოვანი ეტლით, ქარბორბალას დახმარებით ზეცაში ცოცხლად აიტაცა. მეორედ მოსვლის დროს იგი წმიდა ენოქთან (ასევე წინმასწარმეტყველი) ერთად იქადაგებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რისთვისაც ორივეს მოკლავენ. წმიდა ილიამ (ელიამ) თავისი ხალენი (მოსასხამი) დედამიწაზე დატოვა. იგი საქართველოში 26 საუკუნის წინ მოსულმა ებრაელებმა მოიტანეს და სამარხოში საიდუმლოდ ინახავდნენ. სამარხო (სიწმინდეების შესანახი და სამალავია), სადაც ებრაელები ელიას ხალენს ინახავდნენ, მცხეთაში, ბაგინად წოდებულ მათ სალოცავში იყო. ხალენის საქართველოში არსებობა IV ს-ში გამჟღავნდა, როდესაც წმ. ნინო მცხეთაში მოვიდა. მართალია, ხალენის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი უფლის კვართთან ახლოსაა დაფლული.

ხალხის წარმოდგენით, ელია თითქოს ბრმა ხარაზია, რომელიც ეტლს დააქროლებს ცაში და სეტყვას უშენს სოფლებს; თითქოს ელიას ეშმაკი დაჰყვება და შეცდომაში შეჰყავს. ეშმაკს ელია “შეცდომაში“ რომ არ შეეყვანა, ხალხი ზარებს რეკდა, თოფებს ისროდა, რათა ელიას გაეგო, რომ ის ადგილი დასახლებული იყო და არ დაესეტყვა. ელიაობის ტრადიციული შესაწირავებია: თხა, ციკანი, იცოდნენ მამლების შეფრენაც, ეკლესიასა თუ სალოცავში მიჰქონდათ რიტუალური პურები.”

ფერისცვალება

$
0
0

ფერისცვალებამაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული 19 აგვისტოს აღინიშნება და იგი ერთ-ერთ განსაკუთრებულ სასწაულთაგანს უკავშირდება, რაც იესო ქრისტემ ამქვეყნად აღავლინა. უფალმა ფერისცვალება იმისთვის ინება, რომ მოციქულებისა და ყოველი მორწმუნისათვის მომავალი ცხოვრების საიდუმლო ეჩვენებინა. გვასწავლა, რომ თითოეულმა ადამიანმა სიცოცხლეშივე უნდა დაიწყოს მზადება და შეუდგეს სულიერ ფერისცვალებას, რათა დაიმკვიდროს ღვთის სასუფეველი. რა საიდუმლოებას მოიცავს მაცხოვრის ფერისცვალება, რა არის ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის საჭირო და როგორ უნდა შევხვდეთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს? “ამბიონს” წმიდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძრის მღვდელი გიორგი რაზმაძე ესაუბრა.

მამა გიორგი (რაზმაძე): “ფერისცვალება ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულს შორის. ეს დღე განსაკუთრებულია ყოველი მართლმადიდებლისათვის. ყველამ ვიცით, რომ ამ დროს იესო ქრისტემ ფერი იცვალა და ეს ფერისცვალება თავის თავში ძალიან დიდ მისტიურ საიდუმლოებას მოიცავს. მოციქულები, რომლებიც ამის ხილვის ღირსნი გახდნენ, ფაქტიურად გაოგნებულები გახლნენ და მათი გულები მხოლოდ იმის ფიქრით იყო განმსჭვალული, რომ ასეთი მარადიული ნეტარებით გამოწვეული სიხარული განიცადეს. პეტრე მოციქული უფალს სთხოვს, რომ გააკეთონ სამი კარავი: ერთი – უფლისათვის, მეორე – მოსესთვის, მესამე –  ელიასათვის და იქ სამუდამოდ დარჩნენ. როცა მოწაფეები უფლის ბრწყინვალების ღირსნი შეიქმნენ, მათი სული სიხარულით აივსო.

დიონისე არეოპაგელი ამის შესახებ წერდა, რომ ეს იყო წამიერი სამოთხე მოციქულებისათვის წუთისოფელში და მათ სურდათ, ამ მარადიული, ნეტარი სიხარულის განცდა არ დაეკარგათ. აღარ უნდოდათ, მიწიერ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ. ეს ენით აღუწერელი სიხარულის განცდაა და ასკეტი მამები, რომლებიც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ და უფლის მარადიულობას ჭვრეტენ, სწორედ ამ დიდი სიხარულისთვის ემზადებიან. ჩვენდა სასიქადულოდ და ღვთის წყალობით, გვყვანან მამები, რომლებიც შინაგანი ლოცვით არიან დაკავებულნი. ჩვენ ვხვდებით მათ, ვსაუბრობთ მათთან სულიერ საკითხებზე. თითოეული წარმოთქმული შინაგანი ლოცვა, ვგულისხმობ იესოს ლოცვას, უსაზღვრო სიხარულს ანიჭებს მათ და სხვა განზომილებაში გადაჰყავს ისინი. სწორედ ამიტომ ტოვებენ ყველაფერ მიწიერს და ცდილობენ, სადმე, თუნდაც გამოქვაბულში შევიდნენ და მხოლოდ ღმერთს ჭვრეტდნენ.

ყოველი მართლმადიდებლის მოწოდება ამ წუთისოფელში უნდა იყოს ის, რომ მოიხვეჭოს სულიწმიდის მადლი, რათა ცხონდეს. ამის მიღწევა სხვადასხვა საშუალებებით ხდება. ზოგი სულიერ ფერისცვალებას იესოს ლოცვით მოიპოვებს. ყველაზე უმოკლესი გზა, ყველაზე დიდი სითბო, რაც კი შეიძლება არსებობდეს, არის თაბორის ნათელი, რომელიც სულიერ მამებს ეძლევათ და შემდეგ ცდილობენ, მოსწყდნენ ამ ყველაფერს და მხოლოდ უფალს ჭვრეტდნენ.

შეგახსენებთ გრიგოლ პალამას პერიოდს, როცა მისი სწავლების შემდეგ ძალიან დიდი წინააღმდეგობა დაიწყო. ნაწილი თვლიდა, რომ ეს იყო შექმნილი, ათონელი მამები თავისი ისიქასტური გამოცდილებით კი ამბობდნენ, რომ ეს ღვთის მარადიული ენერგია გახლდათ, რომელიც უფალს სდევდა, მაგრამ უხილავი იყო ადამიანებისთვის.

უფალმა ფერისცვალების საიდუმლო მხოლოდ სამ მოწაფეს იმიტომ გამოუცხადა, რომ 12 მოციქულს შორის ერთ-ერთი იუდა იყო, რომელსაც ქრისტე უკვე 30 ვერცხლად ჰყავდა გაყიდული, რის გამოც ის ვერ გახდა ღირსი ამ დიდი სიხარულის მიღებისა. სამ მოწაფეს იმის გამოც უჩვენა ეს მადლი, რომ მას როცა შეიპყრობდნენ და ჯვარზე გასაკვრელად წაიყვანდნენ, მათ დანარჩენი მოწაფეები გაეძლიერებინათ. მაცხოვრის ფერისცვალება იმ ძალების გამოვლინება იყო, რაც უფალს ახლდა და ეს მოციქულებმა თავისი ხორციელი თვალით იხილეს.

ათონელი მამები ამის შესახებ წერდნენ, რომ არსებობს სამგვარი ნათელი ამ წუთისოფელში: ეს არის გონებრივი, რომლითაც ადამიანი ფერებს, მოქმედებებს აღიქვამს; ინტელექტუალური, მაგალითად, როცა მუსიკოსი – ბგერბით, ხოლო პოეტი ლექსით გადმოსცემს ამ ყველაფერს, მაგრამ ინტელექტუალურ ნათელს არ აქვს ისეთი ძალა, რომ სულიერი, ანუ თაბორის ნათელი დაიტიოს, და მესამე სწორედ ეს თაბორის ნათელია, რომელიც სულიერ ცხოვრებას, ასე ვთქვათ, წითელ ხაზად გასდევს. ეს ის ნათელია, რომელიც მეუდაბნოე ბერებსა და მთელ ქრისტიანულ სამყაროს უპყრია. ეს არის ლოცვა, მარხვა, ღვაწლი, აღსარება, ზიარება, სულიერი ცხოვრება და თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ თავისი ცხოვრების წესით ამ ნათელის ხილვის ღირსი  გახდეს.

მინდა გავიმეორო, რომ ინტელექტუალურ ნათელს არ აქვს იმის უნარი, რომ ეს ყველაფერი გადაფაროს, რადგან დღევანდელი წუთისოფელი სულიერებას უწოდებს ხელოვნებას, თეატრს, მსახიობობას და ა.შ. მაგრამ ეს ძალიან შორსაა იმ მადლისაგან, რასაც თუნდაც დღევანდელ დღეს, ფერისცვალების დღესასწაულზე დედა ეკლესია გვაწვდის.

ყოველმა ქრისტიანმა უნდა მოიხვეჭოს ეს მადლი, ნათელი და ცდილობდეს, უფალთან იმ თანაზიარ სიხარულში შევიდეს, რომლითაც დღევანდელ დღეს აღვსილნი იყვნენ მოციქულები.

საოცარია ის ფაქტი, რომ ფერისცვალების დროს იესო ქრისტეს აღთქმის ორი დიდი წინსწარმეტყველი, მოსე და ელია გამოეცხადნენ. წმიდა მამები ამბობენ, რომ ამ დროს მათ შორის საუბარი იყო ქრისტეს ჯვარცმაზე, იმიტომ, რომ მოსემ რჯული მისცა ებრაელ ხალხს. ის განსაკუთრებულად განდიდდა და მისი საფლავი ჯერაც არ არის ცნობილი. ელია წინასწარმეტყველი კი, იცით, რომ ცეცხლის ეტლით იქნა აღტაცებული ზეცად, ანტიქრისტეს დროს მოვა და ხელახლა იქადაგებს მართლმადიდებლობას, თვითონ კი ანტიქრისტეს ხელით მოკვდება.

უფალს ფერისცვალებისას ორი უდიდესი წინასწარმეტყველი ესაუბრებოდა და ამის ხილვის ღირსნი რომ გახდნენ მოციქულები, შეძრწუნდნენ, რადგან ისინი ხორციელი ადამიანები იყვნენ. როდესაც ქრისტე გაცისკროვნებული ნახეს, სახარება გვაუწყებს, რომ იქვე დაეცნენ. ხილვა რომ შეწყდა, უფალი მივიდა მათთან და წამოაყენა. ეს მადლი, აღსანიშნავია, რომ მოციქულებმა იმხელა საზომით მიიღეს, რისი განსჯის უნარიც ჰქონდათ, თორემ ღვთის მადლი დაუტევნელია. ამიტომ, ისევ ვამბობ, რომ ყოველი ადამიანი მოწოდებულია, სულიწმიდის მადლი მოიხვეჭოს, რათა ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს.

ფერისცვალების დღესასწაულზე უნდა დავესწროთ ღვთისმსახურებას, აღსარება ვთქვათ, ვეზიაროთ და საერთოდ, ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, ღვთისმსახურებას არ დააკლდეს. იყო ძველი ტრადიცია, როცა ზარის ხმას გაიგონებდნენ თუ არა ჩვენი წინაპრები, მაშინვე ტოვებდნენ ხელსაქმეს, გარბოდნენ ეკლესიაში, ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას და ეზიარებოდნენ. ზიარება – ეს არის კულმინაცია, როცა ქრისტე შემოდის ადამიანში და განაღმრთობს მას. ის ცოდვების მიმტევებელია, ამიტომ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, კეთილი საქმისა ზიარებას ნუ დაივიწყებთ. ეს მსხვერპლი სათნოა ღვთისათვის. ამით ჩვენს სულსაც ვარგებთ და უფალსაც გავახარებთ”.

თათია ნავროზაშვილი


ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

$
0
0

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. 12 საუფლო დღესასწაულთაგან ფერისცვალება ერთ-ერთი უმთავრესია იგი უფალისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება, ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36) მახარებლები.

ფერისცვალებაუფალმა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: “განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი”. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: “მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა” (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: “ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ” (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: “აღდეგით და ნუ გეშინინ” (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

სახარებაში არსად არაა მითითებული, კერძოდ რომელ მთაზე ავიდა მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად. კირილე იერუსალიმელთან და იერონიმესთან გვხვდება ცნობა იმის თაობაზე, რომ ეს იყო თაბორის მთა. VI-VII საუკუნეებში მცხოვრები ზოგიერთი მოგზაური გვიდასტურებს, რომ მათი დროისათვის თაბორის მთაზე სამი ეკლესია იდგა თანახმად მოციქულ პეტრეს თხოვნისა, რომლითაც მან მაცხოვარს მიმართა.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება – ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით.
დიონისე არეოპაგელი ამის შესახებ წერდა, რომ ეს იყო წამიერი სამოთხე მოციქულებისათვის წუთისოფელში და მათ სურდათ, ამ მარადიული, ნეტარი სიხარულის განცდა არ დაეკარგათ. აღარ უნდოდათ, მიწიერ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ. ეს ენით აღუწერელი სიხარულის განცდაა და ასკეტი მამები, რომლებიც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ და უფლის მარადიულობას ჭვრეტენ, სწორედ ამ დიდი სიხარულისთვის ემზადებიან.

ყოველი მართლმადიდებლის მიზანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში უნდა იყოს ის, რომ მოიხვეჭოს სულიწმიდის მადლი, რათა ცხონდეს. ამის მიღწევა სხვადასხვა საშუალებებით შეიძლება. ზოგი სულიერ ფერისცვალებას იესოს ლოცვით მოიპოვებს. ყველაზე უმოკლესი გზა, ყველაზე დიდი სითბო, რაც კი შეიძლება არსებობდეს, არის თაბორის ნათელი, რომელიც სულიერ მამებს ეძლევათ და შემდეგ ცდილობენ, მოსწყდნენ ამ ყველაფერს და მხოლოდ უფალს ჭვრეტდნენ.

ყოველმა ქრისტიანმა უნდა მოიხვეჭოს ეს მადლი, ნათელი და ცდილობდეს, უფალთან იმ თანაზიარ სიხარულში შევიდეს, რომლითაც დღევანდელ დღეს აღვსილნი იყვნენ მოციქულები. ეს ყველაფერი კი მიიღწევა კეთილი საქმის კეთებით, ეკლესიური ცხოვრებით, გულწრფელი ლოცვით, აღსარებითა და ზიარების მიღებით.

ფერისცვალების დღესასწაულზე, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ლიტურღია აღევლინება და ტრადიციისამებრ, ხილის კურთხევა მოხდება. ეს რიტუალი სათავეს უძველესი დროიდან იღებს. ამით განიწმინდება ადამიანის ცოდვით შებილწული ხილი და დაიბრუნებს იმ სიწმიდეს, რომლითაც შემოსილი იყო ედემის ბაღში.

დავით დანელია

ტროპარი:

მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდება შენი ძალისაებრ მათისა, და გამოგვიბრწყინვე ჩუენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი:

მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ ედვა მოწაფეთა შენთა, დიდება შენი უჩუენე, რაჲთა რაჟამს იხილონ ჯუარცმა შენი, გულისხმა-ჰყონ, ვითარმედ ვნება იგი ნებსით არს, და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალება მამისა.

გილოცავთ მარიამობას!

$
0
0

მარიამობა ყოვლადწმინდა მარიამის მიძინების დღესასწაულს ორკვირიანი მარხვა უძღვის წინ. ამ დღესასწაულს მორწმუნე ადამიანები სულიერად გაწმენდილები უნდა შეხვდნენ. მარხვა ცოდვებისგან თავის შეკავებას ნიშნავს. ყველა მარხვა იოლი შესანახია, თუ ადამიანი რწმენაშია.

მარიამობის დღესასწაული ღამისთევით აღინიშნება ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. საერთოდ, ეკლესიაში მსახურება ღამისთევით უნდა ტარდებოდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ასევე იმ წმინდანის ხსენების დღეს, რომელი წმინდანის სახელობისაც არის ტაძარი. დანარჩენ დღეებში ღამისთევა აუცილებელი არ არის.

მარიამობის დღესასწაულს ყველა განსხვავებულად აღნიშნავს. როგორც წესი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღესასწაულისთვის მარხვით ემზადებიან, შემდეგ კი საღვთო ლიტურღიას ესწრებიან და ეზიარებიან.

არაეკლესიური ადამიანები ამ დღეს სხვადასხვაგვარად ხვდებიან, დღესასწაულის მიმართ პატივისცემას თავისებურად გამოხატავენ. რეგიონებში ზოგან მარიამობას დღეობა ჰქვია, ზოგან დღესასწაული და ხალხი ეკლესიაში შესაწირით მიდის.

არის თუ არა ხალხური ტრადიციები ქრისტიანული, ამ თემაზე “ამბიონს” თბილისის მაცხოვრის შობის სახელობის ზედა ბეთლემის ტაძრის იღუმენი მამა კირიონი (ზურაბ ზეინკლიშვილი) ესაუბრა.

“ტრადიციები არის ქრისტიანული და ხალხური. ტრადიციები მახინჯდება იქ, სადაც არ არის მოძღვარი, რათა მან ასწავლოს ადამიანს, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

როცა ეკლესიებს დევნიდნენ, ხალხს ქრისტიანული დღესასწაული მეხსიერებაში ჰქონდა შემორჩენილი და თავისებურად აღნიშნავდა. დროთა განმავლობაში ეს რიტუალები გაუფერულდა და თავის საწყისს ძალიან დაშორდა. ადამიანმა იცის, რომ ამა თუ იმ დღეს არის დღესასწაული, მაგრამ არ იცის, თუ როგორ უნდა აღნიშნოს. წარმართობას უბრუნდება და სისხლიან მსხვერპლს წირავს სალოცავში. საკლავი იკვლება და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამით დიდი ქრისტიანული ვალი მოიხადეს. არადა, ეს ასე არ არის. უფალს ადამიანის სული და გული სჭირდება. მსხვერპლშეწირვა საჭირო არ არის, მით უფრო ქრისტეს შემდეგ, როდესაც მან თავისი თავი შეწირა მსხვერპლად და ადამიანები გამოიხსნა. ქრისტიანობაში სისხლიანი მსხვერპლი სასტიკად აკრძალულია. მოციქულებს კანონში უწერიათ: ვისაც ჰგონია, რომ საკლავის სისხლით გამოიხსნის საკუთარ ან წინაპართა ცოდვებს, დაწყევლი იქნეს.

თუ ადამიანს რამის შეწირვა სურს, სჯობს, ცოცხლად შესწიროს და არ დაკლას. მთავარი კი სინანული და ლოცვაა. ადამიანი ეკლესიაში უნდა შევიდეს, წრფელი გულით ილოცოს და უფალს თავისი ცოდვების შენდობა სთხოვოს. ვინც ამას გულით ითხოვს, უფალი მას ყველაფერში დაეხმარება. ამქვეყნად ქრისტიანის ფუნქცია მარადიული ცხოვრებისათვის მზადებაა. ადამიანი, რომელიც ცოდვების მიტევებაზე ფიქრობს, ის უფლის შვილია”.

თეა სულაბერიძე

მარიამობა

$
0
0

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მრავალი დღესასწაულია მიძღვნილი. მათ შორის ხალხში 15/28 აგვისტო, ღვთისმშობლის მიძინება, მარიამობა გამოირჩევა. ეს ის დღეა, როდესაც წმინდა მარიამი იერუსალიმში გარდაიცვალა და თავად იესო ქრისტემ მიიღო მისი სული. ცოტა ხანში უფალმა იგი ხორციელადაც გაიყვანა ამ ქვეყნიდან.

როგორ აღინიშნებოდა მარიამობის დღე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში? გვესაუბრება ქალბატონი ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი):
“მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარიამობის მარხვა უძღვის. მარხვა მძიმეა. დიდმარხვის მარიამობა მარიამობა მთელ საქართველოში დიდი უქმე იყო.

რაჭაშიც მარიამობა დიდი უქმე იყო. დილით ადრე ყველიან ან ქონიან განატეხს აცხობდნენ და სანთელს ცეცხლში აკმევდნენ. დიასახლისი, რომელსაც ხელში განატეხი და ღვინის ზედაშე ეჭირა, ილოცებდა და მარიამობის ძალასა და მადლს, მშვიდობას და მომავალი მარიამობისთვის კარგად ყოფნას შესთხოვდა. განატეხს ოჯახის ყველა წევრი შეჭამდა. სადილისთვის საკურთხის, მიცვალებულის მოსახსენებელ სუფრას გაამზადებდნენ. საამისოდ 7 ყველიან ან ქონიან სულის პურს გამოაცხობდნენ, მოხარშავდნენ შაშხს, ქათამს, სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო 1-2 კვერცხი, ლავაში და ერთი სანთელი. თუ ოჯახს ახალი მიცვალებული ჰყავდა, უნდა დაეკლათ ცხვარი, მეტი პურიც გამოეცხოთ და სუფრა მღვდელს უნდა ეკურთხებინა.

ლეჩხუმში როგორი ღარიბიც უნდა ყოფილიყო ოჯახი, რაიმეთი მაინც გაიხსნილებდა. დიასახლისი დილით ადრიანად ეზოს ხვეტავდა, 3 სულის პურს აცხობდა, კლავდა ქათამს ან შაშხს ხარშავდა, ლავაშებს აცხობდა, ჩამოქნიდა სანთლებს, რათა მიცვალებულებისთვის სუფრა წაედგა ანუ გაეშალა, რაც ამ დღისთვის აუცილებელი იყო. გაშლილ სუფრაზე დგამდნენ ღვინით სავსე ჭიქებს და დებდნენ ყველაფერ იმას, რაც ახალი შემოსული იყო. დიასახლისი ილოცებდა და “მარიამობის გამჩენ ძალას” მიცვალებულების ცხონებას და მისი შთამომავლობის კარგად ყოფნას შესთხოვდა. ეს დღე განსაკუთრებით სოფელ ლესინდის დღეობა იყო და აქ დიდძალი საქონელი იკვლებოდა. ერთხელ 20 ხარიც კი დაკლულა. ხარებს წვრილ საქონელსაც მიუმატებდნენ. სოფელში ამ დღესაც დიდი სტუმრიანობა სცოდნიათ. მოკეთეებს მაშინ ეპატიჟებოდნენ, თუ მათი სოფლის სალოცავს დღესასწაული არ ჰქონდა. იშლებოდა დიდი სუფრები, რომლებიც სამი დღე არ ლაგდებოდა. ხალხი ერთმანეთთან გადადიოდა სტუმრად, მხოლოდ ღამეს აუცილებლად მთავარი მასპინძლის ოჯახში ათევდნენ.
მარამობისთვის შეთქმულ საკლავს სალოცავში მიიყვანდნენ, მიიტანდნენ ჩამოქნილ სანთელს, ფულს და მღვდელი საჯაროდ აცხადებდა, ვინ რა მიიყვანა თუ მიიტანა.

მარიობას ანუ მარიამობას სამეგრელოში მარაშონას/მარაშინას ეძახდნენ. ეს დღე მიცვალებულთა მოხსენიების დღეც იყო და ახალი მიცვალებულის პატრონი ამ დღემდე ახალ ხილს ეზოშიც კი არ მოწყვეტდა. წინა საღამოს თხემლის ტოტებით დაჯვარვა იცოდნენ, ანუ თხემლის ტოტები მიჰქონდათ ყანაში და სხვაგან. ამ დღეს სამეგრელოში ის წესები სრულდებოდა, რაც დანარჩენ საქართველოში ჭიაკოკონობის დროს. თუ მარიამობა მარხვის დღეს დაემთხვეოდა, სტუმრებს თევზით უმასპინძლდებოდნენ და მეორე სახსნილო დღეს ლხინს ხორცით აგრძელებდნენ. აღდგომიდან მოყოლებული ყოველ კვირას და უქმე დღეეებში ხალხი მინდვრად გადიოდა მოსალხენად, რასაც ჯარობა ეწოდებოდა. მარიამობის ჯარობა იმ წელს ბოლო ჯარობა იყო.

გურიაში ამ დღეს თაგვმარიობას, ყვავმარიობას, ჩიტმარიობასაც უწოდებდნენ.
კახეთში მარიამობას საყოველთაოდ ცნობილი აწყურის წმ. გიორგის დღესასწაული იმართებოდა. მლოცველი თეთრი გიორგის ეკლესიაში წინა დღეს, ზოგიც უფრო ადრე მიდიოდა. მლოცველები აქ მთელი კახეთიდან, თუშ-ფშავ-ხევსურეთიდან, ქართლიდან, ერწო-თიანეთიდან იყრიდნენ თავს. აქ დღესაც ბევრი ხალხი მიდის.

მლოცველები თავდაპირველად ეკლესიას მარჯვნიდან მარცხნივ სამჯერ ან შვიდჯერ შემოუვლიდნენ. წინ მიდიოდნენ ქალები. მათ მამაკაცთა გუნდი მიჰყვებოდა. ორივე გუნდი რიგ-რიგობით გალობდა „დიდებას“: „დიდება და ღმერთსა დიდება, წმიდა გიორგი ცხოველო, შენს სალოცავად მოველო“.
საღამოს, როდესაც ზარს დარეკავდნენ, ხალხი ეკლესიასთან იყრიდა თავს. აქ, ამ სალოცავში, როგორც სხვაგან, თავს იყრიდნენ მონა ქალები. მიაჩნდათ, რომ ამ მონა ქალებს ხატი ირჩევდა და ისინი ხალხს ღმერთის, წმინდანების, სალოცავების ნებას გადასცემდნენ, თან ხალხის ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას შესთხოვდნენ. მონა ქალებს თეთრი თავსაფარი ჰქონდათ თავზე წაკრული, თეთრები ეცვათ, ფეხშიშვლები იყვნენ, ზოგჯერ მათ თეთრი გიორგის ეკლესიის ჯაჭვი ჰქონდათ კისერზე. ისინი ეკლესიას დაჩოქილები უვლიდნენ გარშემო, გალობდნენ და კედლებზე ანთებულ სანთლებს აკრავდნენ. ერთი მონა ქალი კვირისტავით ბამბის ძაფს ართავდა და ეკლესიას გარშემო ახვევდა. რომელიმე მონა ქალი კი ზოგჯერ შესასვლელი კარის წინ დაეცემოდა და მღვდელს, მლოცველს, ვისაც ეკლესიაში შესვლა უნდოდა, მისთვის უნდა გადაებიჯებინა.

ხალხს სალოცავში შესაწირი ცხვრები მიჰყავდა. დაკვლის წინ მიუყვანდნენ მღვდელს, რომელიც საკლავს სანთლით ბალანს შეუტუსავდა, იტყოდა: „წმიდაო გიორგი, შეიწირე საღმრთო მონისა შენისა“ და შემწირველის სახელს წარმოთქვამდა. ისინი, ვისაც შეთქმული, დათქმული ჰქონდა შანას ტარება და ვადა უკვე გასვლოდათ, მიდიოდნენ ეკელსიის დიაკვანთან, რომელიც მათ შესაწირ საკლავს, საღმრთოს, ბალანს შეაჭრიდა და მონებს შანას შეხსნიდა. შანა მავთულის იყო, ჯაჭვის მაგივრობას სწევდა და მონას ყელზე ჰქონდა შემოხვეული.

პირიქით ხევსურეთში მარიამობა მხოლოდ არხოტში აღინიშნებოდა, ხოლო პირაქეთში – სათემო ჯვრებში. ამ დღეს განსაკუთრებული წესები არ სრულდებოდა და მარიამობა პატარა დღეობად მიაჩნდათ. ასევე იყო ფშავშიც.

თუშეთში მარიამობას ზოგან ლუდსაც ადუღებდნენ და საზიარო საკლავსაც ყიდულობდნენ, მაგრამ ძირითადად სუფრა სახლში მზადდებოდა. ეს დღე მიცვალებულთა დღე იყო. ყველა ოჯახი მიცვალებულისთვის სუფრას ამზადებდა, სოფლის საჯარეზე გამოიტანდა და ერთად მოიხსენიებდა გარდაცვლილთა სულებს. ისინი, ვისაც იმ წელს მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა გარდაცვლილი, სტომიან პურს აცხობდნენ და სანამ სუფრასთან დასხდებოდნენ, ბავშვებს ურიგებდნენ.

გუდამაყარში მარიამობას ხალხი ადგილობრივ ხატებშიც მიდიოდა და იქ აღნიშნავდა დღესასწაულს, მაგრამ ამ დღეს საერთო საგუდამაყრო სალოცავის, პირიმზე ფუძის ანგელოზის დღეობაა და ამიტომ ხალხი უმთავრესად იქით მიეშურებოდა.

ხალხის გადმოცემით პირიმზე და ფუძის ანგელოზი და-ძმანი არიან. პირიმზე სოფელ ჩოხშია, ფუძის ანგელოზი კი ხევსურეთშიო. თუ პირიმზეს დღეობა შუა კვირაში ექნებოდა, ანუ მარიამობა შუა კვირას დაემთხვეოდა, მლოცველი გუდამაყრიდან ხევსურეთში მომდევნო კვირის პარასკევს მიდიოდა. ახოობაზე, ანუ ფუძის ანგელოზობაზე, საკლავი შაბათს უნდა დაიკლას.

ხალხი პირიმზეს ცის ნაპირამდე მოარულს, უყმო ყმის მშველელს ეძახის. ვინც უნდა თხოვოს, ყველას მშველიაო. თურმე ძველად ხევსურეთში კერპები ხალხს არ უშვებდნენ სალოცავად. ფხიტურზე ყოფილა პირიმზე. ღვთის შვილებიდან მხოლოდ ის შებრძოლებია კერპებს და ბრძოლის შემდეგ ამ ადგილს საგუბია დარქმევიაო. პირიმზეს იახსრისთვის უთხოვია, მე თუ ვერ შევძელი კერპების დმარცხება, შენ დამეხმარეო, მაგრამ თავადაც გამკლავებია.

მლოცველები პრიმზეში ღამისთევით მიდიან და მრავალი საკლავი (ცხვარი, კურატი) მიჰყავთ. დღემდე ხატში მიაქვთ ქადა-სანთელი. ხატში მისულ მლოცველს ქადა-სანთელი დეკანოზთან მიაქვს, რომელიც მიმტანს ლოცავს და სანთელს ანთებს. ქადას ძველად მთლიანად მას უტოვებდნენ, ახლა სახლში მოაქვთ. ქადას სამწყალობნოს ეძახიან. დეკანოზს ზოგჯერ ფულსაც აძლევდნენ. დეკანოზი საკლავზეც ილოცებოდა. ამ დროს ხატის დროშა იყო გამობრძანებული. ყველა საკლავის დაკვლაზე დროშას შეარხევდნენ და ზარი ირეკებოდა. Yყველა იქ მყოფი პირით აღმოსავლეთისაკენ დგებოდა, დეკანოზი საკლავს ანთებული სანთლით ბალანს შეუტუსავდა, დსტურები საკლავს ფეხებს დაუჭერდნენ, დეკანოზი ხანჯლით ყელს გამოჭრიდა, პატრონი კი ატყავებდა.

პირიმზეში გაყავდათ ბავშვები და ხატში მიბარების წესს ასრულებდნენ. ამჯერადაც ოჯახს დეკანოზთან უნდა მიეყვანა საკლავი. დეკანოზი დაილოცებოდა, საკლავს დაკლავდა და თუ ბავშვი ბიჭი იყო, საკლავის სისხლს შუბლზე ჯვარს გამოუსახავდა, ხოლო თუ გოგონა იყო, მარჯვენა ხელის გულზე.
ხატში ფერხისას ასრულებდნენ. ძველად იგი ორსართულიანიც იყო. ფერხისას ამგვარ ტექსტზე
მღეროდნენ:

“ჩვენი პირიმზის კარზედა
ხე ალვა ამოსულაო.
იმას დაუსხამს ყურძენი,
საჭმელად შამოსულაო.
იმის უჭმელი ქალ-ვაჟი
უდროოდ ჩამოშლილაო”.

ამავე ტექსტს სხვა ხატებშიც მღეროდნენ. როდესაც ხატში საკლავის ხორცი გამზადდებოდა, იშლებოდა სუფრა და იწყებოდა ლხინი, ცეკვა-სიმღერა, სადღეგრძელოები, ერთმანეთის გადაპატიჟება.
ამ ხატობაზე ავადმყოფებსაც მკურნალობდნენ. როდესაც პირველად ხატს ანუ ჩვეულებრივ ჯვარს გამოაბრძანებდნენ, ეკლესიის კარის წინ ავადმყოფები პირქვე იყვნენ გაწოლილები. უხუცესი დეკანოზი (ხატში შეიძლება რამდენიმე დეკანოზი ყოფილიყო) ავადმყოფებს სამჯერ დროშის ტარით ჯვარს გადასახავდა. თავზე, წელზე და ორივე მხარზე ამ ტარს დააჭერდა, ავადმყოფს ცალი ფეხით წელზე შეადგებოდა, ახლა უკვე ფეხს აჭერდა და სამჯერ გადახტებ-გადმოხტებოდა. ამას ხატით გალახვას უწოდებდნენ. ამის შემდეგ დეკანოზი ჯვარს ლუდში ამოავლებდა და ამ ლუდს ავადმყოფს დაალევინებდა.

მთიულეთში მარიამობა საერთო სათემო დღეობა იყო. იკვლებოდა საერთო სათემო საკლავი, საერთო სათემო წესები სრულდებოდა და სუფრაც ერთი იშლებოდა.

ხევში მარიამობა ცნობილი და ამ კუთხის მთავარი სალოცავის, გერგეთის სამების, დღესასწაულია. გერგეთში მარიამობაზე დღემდე მთელი ხევიდან მიდიან. მლოცველები მიდიოდნენ ჩრდილო ოსეთიდან, სტავროპოლიდან. ესენი იყვნენ: რუსები, ბერძნები და სხვეი. წირვა-ლოცვის გარდა იწირებოდა საკლავი (ცხვარი, ხარი), რომლებსაც დეკანოზი კლავდა. იმართებოდა დოღი.”

მარიამობა –სადღესასწაულო ქადაგება (28.08.2015)

$
0
0

28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა ცისა და დედამიწის მფარველია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. იგი საქართველოს განსკუთრებული მფარველია. მხოლოდ ეს ფაქტი რომ ყოფილიყო, ეს საკმარისი იქნებოდა საქართველოს გაბრწყინებისთვის. საქართველო ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მისი მფარველია. ბედნიერია, სიონი რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფარა კალთა და იცავს ხილული თუ უხილავი მტრებისაგან”, – ბრძანა უწმინდესმა.

როგორც ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, მოციქულებს წესად ჰქონდათ, როდესაც სუფრასთან დასხდებოდნენ, ორ ადგილს ტოვებდნენ, ერთი მაცხოვრისთვის იყო განკუთვნილი, მეორე – ღვთისმშობელისთვის. მოციქულები დარწმუნებული იყვნენ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მაცხოვარი მათთან ერთად უხილავად იყვნენ.
პატრიარქმა შესთხოვა უფალს, მოიღოს მადლი და წყალობა ჩვენზე და უფლის კურთხევა და მფარველობა ყოფილიყოს საქართველოზე.

ქადაგებისას პატრიარქმა გაიხსენა “ქართლის ცხოვრება” და აღნიშნა, რომ არაერთი შემთხვევაში ყოფილა აღწერილი “ქართლის ცხოვრებაში”, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაარჩინა მტრებისგან საქართველო.

უწმინდესის თქმით, ჩვენ ხშირად მივმართავთ ლოცვით მფარველობისთვის ღვთისმშობელს “მოწყალებისა კარგი განგვიღე” და მიმართა მრევლს, მასთან ერთად ეთქვათ ეს ლოცვა კიდევ ერთხელ. პატრიარქთან ერთად მრევლმა სამჯერ ამ ლოცვით მიმართა ღვთისმშობელს.

ქადაგების ბოლოს, უწმინდესმა სასულიერო პირები დააჯილდოვა.

დღევანდელ სადღესასწაულო ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.

მთავრობის მეთაურმა მართლმადიდებელ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

“მინდა მთელს საქართველოს, ჩვენს ხალხს მივულოცო მარიამობა. დღეს არის განსაკუთრებული დღე. ჩვენი ერი ყოველთვის გრძნობს ღვთისმშობლის მფარველობას, სწორედ ამიტომ სასწაულებრივად საუკუნეების მანძილზე უამრავი სირთულე გამოვიარეთ ღვთისა და ღვთისმშობლის შეწევნით. მე მჯერა რომ ჩვენ კვლავაც გავიმარჯვებთ ღვთისმშობლის მფარველობით. კიდევ ერთხელ გილოცავთ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს სიონის საკათედრო ტაძარში 19.30 საათზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი შესრულდება ავადმყოფთა და უძლურთათვის, რომელსაც თავად პატრიარქი შეასრულებს.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა

$
0
0

21 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ღვთისმშბლობა ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლენს. დღესასწაულის შესახებ “ამბიონი” დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დიაკონს გიორგი ზაქარიაძეს ესაუბრა:

ყოვლადწმიდა დედა ღვთისა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისაგან იშვა ნაზარეთში, ქალაქში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი და იერუსალიმს სამი დღის სავალი აშორებდა.

“ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?” – თქვა ნათანაილ მა (შემდგომში ქრისტეს მოციქული), როდესაც ფილიპესაგან შეიტყო, რომ დიდი წინასწარმეტყველი იესო აქედან გამოვიდა.

წინასწარმეტყველთა უწყების მიხედვით, ქვეყნიერების აღთქმული მხსნელი დავითის სამეფო ტომიდან უნდა წარმომდგარიყო, მაგრამ ბაბილონის ტყვეობის შემდგომ დავით მეფის შთამომავლებმა ნელ-ნელა უფლებები დაკარგეს, მაკაბელთა გვარი რომ გაძლიერდა, სამეფო შტოს ყოველგვარი გამორჩეულობა გაქრა და ის სხვა ხალხს გაუთანაბრდა. როდესაც წინასწარმეტყველთა მიერ მოსწავებული დრო დადგა და სკიპტრა უცხოტომელ ჰეროდეს გადაეცა, რომაელთა ყოვლისდამარღვეველი ხელმწიფება დაიწყო, ზნეობრიობა და რელიგია სრულიად დათრგუნული აღმოჩნდა, მაშინ იუდეველებმა გააცნობიერეს, რომ დანიელის მიერ დათქმული ჟამი იწურებოდა და მოუთმენლად დაუწყეს ლოდინი მესიას, რომელიც მათ უცხოტომელთა უღლისაგან იხსნიდა და სხვა ხალხებზე ბატონობას მიანიჭებდა.

ამ პერიოდში ნაზარეთში ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი – იოაკიმე და ანნა ცხოვრობდა. იოაკიმე იუდას სამეფო ტომის შთამომავალი გახლდათ, ხოლო ანნა – აარონის ტომის ღვთისმსახურის მატთანის უმცროსი ასული. მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა: მარიამი, სოფიო და ანნა; სოფიოს ასული ელისაბედი (მარიამი და ელისაბედი ხორციელი დების შვილები იყვნენ) არის დედა იოანე წინასწარმეტყველისა.

იოაკიმე და ანნა ღვთის წინაშე მართლები იყვნენ და მის მცნებებსაც სუფთა გულით იცავდნენ. ისინი იმდენად ჩამომავლობით კი არა, მორჩილებითა და გულმოწყალებით გახლდნენ ცნობილნი. ამგვარად მიაღწიეს ღრმა სიბერემდე. მთელი მათი ცხოვრება ღვთის სიყვარულითა და მოყვასისადმი თანაგრძნობით იყო განმსჭვალული. საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლის ორ მესამედს ყოველდღიურად გასცემდნენ, ერთ მესამედს ღვთის ტაძარს სწირავდნენ, მეორეს ღატაკებსა და მოხუცებს უყოფდნენ; დანარჩენს პირადი საჭიროებისთვის იყენებდნენ. ბედნიერები იყვნენ, მაგრამ უნაყოფობა მათ გულს მწუხარებით ავსებდა. იმდროინდელი წარმოდგენით, უშვილობა შეურაცხმყოფელად და უდიდეს სასჯელად ითვლებოდა, მით უფრო სამწუხარო გახლდათ, რომ დავითის შთამომავლებს ჰქონდათ იმედი, მათგან აღთქმული მესიის შობით კაცობრიობის ხსნის იარაღად უნდა ქცეულიყვნენ. მათი ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან 50 წელი გავიდა და ისინი უშვილობის გამო იყვედრებოდნენ. კანონის მიხედვით, რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს, იოაკიმეს შეეძლო, უნაყოფო ცოლთან გაყრა მოეთხოვა, მაგრამ მართალ ადამიანს უყვარდა ანნა და პატივს სცემდა მას არაჩვეულებრივი მოკრძალებულობისა და ღვთისმოსაობის გამო, ამიტომ მასთან განშორება არ სურდა. გულში ჩაკლული მწუხარებით უდრტვინველად ერთად ტვირთულობდნენ განსაცდელის სიმძიმეს და მარხვით, ლოცვითა და ქველმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას, ერთმანეთს სიყვარულით განამტკიცებდნენ და არ კარგავდნენ რწმენას, რომ უფალს ყოველთვის შეუძლია მონის შეწყალება.

დიდ დღესასწაულებზე მათ ჩვეულებად ჰქონდათ, იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღეს, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისსახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა აყვედრა და უთხრა: “უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა”. სხვებმაც დაუმატეს: “შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ, რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი”. იოაკიმესთვის მეტად მძიმე იყო ამგვარი შეურაცხყოფის ასე სახალხოდ მოთმენა და სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა. შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა. ამავე დროს, როდესაც ქმრის დამცირების ამბავი გაიგო, ანნა უნუგეშოდ ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდარი ის არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყვნელი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს შესაძლებელად აქცევს! ამ დროს ცისკენ აღაპყრო თვალები და დაფნის ტოტებში დაინახა ბუდე, რომელშიც უსუსური ბარტყები ისხდნენ. ამის გამო კიდევ უფრო მეტად აევსო თვალები ცრემლით და ვედრებით გადმოიღვარა ლოცვა მისი გულიდან: “უბედური მხოლოდ მე ვარ, – მოთქვამდა იგი, – ამქვეყნად ყველა შვილებით ნუგეშობს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო, მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი, მომხედე, უფალო და ისმინე ჩემი ლოცვა!” უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარსდგა და უთხრა: “ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს”. ანგელოზმა დაავალა ანნას, რომ წასულიყო იერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. ღვთივსულიერი სიხარულით აღვსილმა ანნამ წამოიძახა: “ცხოველ არს ღმერთი ჩემი, თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ, დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმიდა სახელი განადიდოს”. ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა. ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იდგა უდაბნოში და უთხრა: “უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა, შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე”. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისაგან აღთქმულს.

ი.დამასკელის ნაშრომი “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა” აღწერს შემდეგს: “იოაკიმმა იქორწინა სათაყვანო და ღირსსაქებ ანაზე, მაგრამ ისევე, როგორც ძველად უნაყოფო ანამ ლოცვისა და აღთქმის გზით შვა სამუელი (წინასწარმეტყველი), ასევე ამანაც ღვთისადმი ლიტანიობისა და აღთქმის გზით მოიპოვა ღვთისმშობელი… ამრიგად შობს მადლი (ასე ითარგმნება “ანა”) დედოფალს (ამას აღნიშნავს სახელი “მარიამ”), რადგან ჭეშმარიტად დედოფალი გახდა იგი ყველა ქმნილებისა, წარმოჩნდა რა დედად ქმნილებისა”.

ღვთისმშობლის შობისა და წარმომავლობის შესახებ მახარებლები დუმან, რადგან ებრაელთა ჩვეულებაში არ იყო ქალთა გვარტომობის შესახებ უწყება. თუმცა არსებობდა სჯულდება, რომ ერთ ტომს არ ეთხოვა ქალი მეორე ტომისაგან. რადგან სწამებს საღვთო სახარება, რომ იოსები შთამომავალი იყო დავითისეული ტომისა, რომელიც წმიდა ქალწულზე უკანონოდ არ დაიწინდებოდა, თუ მარიამიც იგივე სამეფო გვარის შთამომავალი არ იქნებოდა, ამიტომაც როდესაც წერილმა აჩვენა იოსების წარმომავლობა, ეს იკმარა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი ნაზარეთში დაიბადა. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ანგელოზის მითითებით ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს. მართლაც, მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე შექმნილის დედოფლად და იმედად იქცა.

მართლმადიდებელი ეკლესია უხსოვარი დროიდან დეკემბრის მეცხრე დღეს დღესასწაულობს მოხუცებული, შვილიერებას მოკლებული მშობლებისაგან ღვთისმშობლის მუცლადღებას და მისი სწავლებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი უფლის აღთქმის მიხედვით ჩაისახა (სახარების თანახმად,მას კურთხეული და მიმადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც მან ქვეყნიერების მხსნელი დაიტია) და დაიბადა ცოლ-ქმრისაგან, მხოლოდ უფალი იესო ქრისტე იშვა უბიწო მარიამისაგან უქორწინებელად – სულიწმიდის მიდგომით.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული,უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა. ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული 8 სექტემბერს (ძვ. სტილით)აღინიშნება. ღვთისმშობლისაგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა და პირველი დედის, ევას მწუხარება სიხარულად გადაიქცა”.

თეა სულაბერიძე

Viewing all 347 articles
Browse latest View live